ახალი ამბები

ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ 20 სექტემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც ბანკის ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება. ეროვნული ბანკი ახალი ცვლილებით მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

„ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს იმიტომ, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაციები გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს და აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებიდან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა“, – განაცხადა თურნავამ და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს.  

მისივე თქმით, ბანკი არის სუვერენული ეროვნული ინსტიტუტი და მისი მთავარი ამოცანაა, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. თურნავამ აღნიშნა, რომ ბანკი პატივს სცემს და ასრულებს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას და 2022 წლის თებერვლიდან ავტომატურად შეუერთდა სანქციების რეჟიმს. მან ასევე განაცხადა, რომ თავდაპირველად ბანკმა ავტომატურად აღასრულა ფარცხალაძის სანქციები, თუმცა მოგვიანებით „მართებულად დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება ასეთი უპირობო აღსრულება კონსტიტუციას, რამდენად იცავს უდანაშაულობის პრეზუმპციას და რამდენად კანონიერია“.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომ აღასრულონ საერთაშორისო სანქციები და განაცხადა: „კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button