skip to content
ახალი ამბები

ქართული ბანკები ფარცხალაძეზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან

ორმა უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა, „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“  დაადასტურა საკუთარი ვალდებულება, დაიცვან ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციები. ბანკების განცხადებებს წინ უძღოდა ეროვნული ბანკის სადავო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება.

„ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში”. „თიბისი ბანკმა“, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაუდასტურა რადიო „თავისუფლებას“, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, ის არ აპირებს, რაიმე გამონაკლისი დაუშვას იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება.

განახლება: ლიბერთი ბანკმა, პროკრედიტ ბანკმა, ტერა ბანკმა და ბაზისბანკმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, აღასრულონ საერთაშორისო სანქციები.  

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება. ბანკის თქმით, „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button