ახალი ამბები

სასამართლომ ლავროვის შვილის ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 პირი გაამართლა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილისა და მისი ნათესავების საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს ჯარიმა არ დააკისრა. 13 სექტემბერს, მოსამართლე იოსებ აბრამიძემ 20 მაისს ყვარლის ტბასთან დაკავებული 14 პირიდან სამს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო დანარჩენი 11 გაამართლა.

პოლიცია მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების  – „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა“ და „წვრილმანი ხულიგნობა“ – დარღვევაში ადანაშაულებდა.

20 მაისს, ყვარლის ტბის აქციამდე, თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძეც დააკავეს, რომლის საქმეს გურჯაანის სასამართლო ცალკე განიხილავს და გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოცხადდება.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 მაისს, თბილისში პირველი რუსული თვითმფრინავის დაშვების ფონზე საზოგადოების პროტესტის პარალელურად, გავრცელდა ცნობები, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმამ, მიკა ვინოკუროვმა თბილისში იქორწინა და ქორწილის შემდგომი წვეულების გადახდას 20 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო „Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა-ზე“ გეგმავდა. იყო ინფორმაციაც, რომ საქართველოში იმყოფებოდა თავად ლავროვის ქალიშვილი, ეკატერინა ლავროვაც, რაც თავად კურორტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად არ დაადასტურა და თქვა, რომ „ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს“ და ლავროვის გვარით სტუმარი არ უფიქსირდებათ. არსებული ცნობებით, ლავროვის შვილი მეუღლის გვარს ატარებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button