ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 9 ოქტომბერი

საგანგაშო არჩევნები სლოვაკეთში

სლოვაკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერის, რობერტ ფიცოს მემარცხენე-პოპულისტურმა პარტია “სმერმა” ხმების თითქმის 23% მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. დასავლეთზე ორიენტირებული და ლიბერალური განწყობების “პროგრესული სლოვაკეთი“ 17.9%-იანი მაჩვენებლით მეორე ადგილს დასჯერდა. კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმების პროცესში გადამწყვეტი როლი მესამე ადგილოსან, ასევე ყოფილი პრემიერის, პეტერ პელეგრინის პრო-ევროპულ პარტია “ჰლასს” ექნება, რომელმაც არჩევნებზე ხმების 14.7% დააგროვა. ნიშანდობლივია, რომ რობერტ ფიცო წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას,  უკრაინის სამხედრო დახმარების, მისი ნატოში გაწევრიანებისა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოდიოდა. სლოვაკეთის პრეზიდენტმა სწორედ ფიცოს სთხოვა ახალ, კოალიციურ მინისტრთა კაბინეტზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა.


შეხვედრა გრანადაში

გასულ კვირას, ესპანურ ქალაქ გრანადაში ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და ევროკავშირის მომავალზე იმსჯელეს. როგორც ჩანს, ევროკავშირში ზოგადად გაფართოებაზე ყაბულს არიან, მაგრამ სჯა-ბაასს იწვევს ისეთი თემები როგორიცაა – ვინ პირველი, როდის და რა ვადებში შევა ევროპულ ოჯახში, ასევე რა თანხებით დაფინანსდება ევროკავშირის გაფართოება. ევროკავშირის ლიდერები შემდეგი შესაძლო გაფართოების თარიღად 2030 წელს ასახელებენ, მაგრამ მაგალითად, ესტონეთის პრემიერი, კაია კალასი ამბობს – ეს საკმაოდ გვიანია და თუნდაც ჩერნოგორიისა და მსგავსი მცირე ქვეყნების მიღება 2030 წლამდეც შესაძლებელიაო. ამასთან, რუსული საფრთხის ფონზე, გრანადაში შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნები თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებენ და მეტ ფულს ჩადებენ სამხედრო წარმოების საქმეში.


უკრაინის “რუსული მხარდაჭერა”

მანამ სანამ, გრანადაში შეკრებილი ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გაფართოებას განიხილავდნენ, ეულად დარჩენილმა ვლადიმირ პუტინმა  “ვალდაის” ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, უტიფრად დასძინა –  რუსეთი მხოლოდ უკრაინის ნატო-ში შესვლას და ზოგადად, ნატო-ს გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა, თორე ევროკავშირი პრობლემა არასდროს ყოფილაო. არადა, ეს ის პუტინია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინას პოლიტიკური რუკიდან გაქრობით ემუქრებოდა, მისი ჩინოვნიკები კი, საზოგადოებას არწმუნებდნენ – ნატო და ევროკავშირი – ორივე ერთი ჭირიაო. როგორც ჩანს, კრემლის მეპატრონემ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება იყნოსა და ისიც იგრძნო, რომ ამ პროცესს ხელს ვეღარ შეუშლის. მოკლედ, საქმე ისე წავიდა, რომ ევროპული ქვეყნების გარდა, აწი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.


კიშინიოვის უარი “გაზპრომს”

ამასობაში, მოლდოვამ უარი თქვა რუსულ გაზზე. მოლდოვას ენერგეტიკის მინისტრს, ვიქტორ პარლიკოვს ყველას გასაგონად უთქვამს – მოლდოვა რუსული “გაზპრომისგან” გაზს აღარ შეიძენს, რადგან ევროპულ ბაზარზე უკეთ ფასში ვიშოვეთ გაზი და აწი, მოლდოვას ის ტერიტორიები, სადაც კიშინიოვის ხელისუფლება ვრცელდება რუსული გაზით აღარ მომარაგდებიანო. არადა, სულ ახლახანს, მოლდოვა გაუმაძღარ “გაზპრომს” მორიგებასა და ტარიფებზე შეთანხმებას სთავაზობდა. მოლდოვა-რუსეთის ენერგეტიკულ უთანხმოებებს პოლიტიკურიც ერთვის – კიშინიოვში ფიქრობენ, რომ ენერგეტიკული ბერკეტების გარეშე დარჩენილი მოსკოვი მოლდოვას ადგილობრივ არჩევნებში ჩარევას და ქვეყანაში არეულობის მოწყობას შეეცდება. მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ “Financial Times”-ს ისიც კი უთხრა – ჩემი დამხობის შეთქმულებას აწ განსვენებული ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” ავაზაკები ხლართავდნენო.


ფრანგული იარაღის ჟღარუნი ერევანში

ერევანში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ თქვა, რომ საფრანგეთი სომხეთს თავდაცვისთვის საჭირო იარაღსა და აღჭურვილობას მიაწვდის. ნიკოლ ფაშინიანის შესაგულიანებლად, ქალბატონმა კოლონამ თავის ნათქვამს ისიც დაამატა – ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კომისარს, ჯოზეფ ბორელს ვთხოვ, რომ იქნებ გავახერხოთ და ევროპის სამხედრო დახმარების ფონდის სისტემაში სომხეთიც ჩავრთოთო. ერევანში ყოფნისას, ფრანგი დიპლომატი სომხეთს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასაც დაპირდა. ფრანგული მხარის ამ განცხადებებმა ილჰამ ალიევი ფრიად გაანაწყენა, მან საფრანგეთი კონფლიქტის ესკალაციის მცდელობაში დაადანაშაულა და პროტესტის ნიშნად, ევროკავშირის შუამავლობით გრანადაში დაგეგმილ სომხურ-აზერბაიჯანულ შეხვედრაში მონაწილეობაზე ცივი უარი თქვა.


ხანგრძლივი ომის ვარაუდები

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვში ვარაუდობენ, რომ რუსეთი უკრაინაში რამდენიმე წლიანი ომისთვის ემზადება. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ვარაუდს რუსეთის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით აკეთებს, რომელიც თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს. 2024 წელს, მაღალი ალბათობით, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 6.4 ტრილიონი რუბლიდან (63 მილიარდ 744 მილიონი აშშ დოლარი) 10,8 ტრილიონ რუბლამდე (107 მილიარდ 568 მილიონი აშშ დოლარი) გაიზრდება და მშპ-ის 6% შეადგენს. რუსეთის ოფიციალურად გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი, გასაიდუმლოებულ ხარჯებთან ერთად კი, ლონდონში მოკალათებულ სამხედრო ანალიტიკოსებს იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლი უკრაინაში ხანგრძლივი და გამთანგველი ომისთვის ემზადება.

მსგავსი/Related

Back to top button