ახალი ამბები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე

საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში დადებითად აფასებს ქვეყანაში ბიზნესის, სავაჭრო და ინვესტიციების მიმართულებით არსებულ მარეგულირებელ ჩარჩოსა და კანონმდებლობას, თუმცა ხაზს უსვამს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს.

ანგარიშის მიხედვით, „საერთო ჯამში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და საქართველო გამოირჩება რეგიონის ქვეყნებს შორის“. მიუხედავად ამისა, „მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად განიხილოს“.

ანგარიშში ხაზგასმულია კომპანიების წუხილები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების არაეფექტურ მიღებასთან დაკავშირებით, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ხარვეზები, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობა და სავარაუდო პოლიტიკური ჩარევა. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, „საქართველოს მაღალი ადგილი უკავია რეგიონში, როგორც ბიზნესის კეთების კარგს ადგილს“, და მთავრობა აღიარებულია ზემოაღნიშნული საკითხების გადასაჭრელად გაწეული ძალისხმევისთვის.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების საკითხიც.  

05/04/2023 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „კორუფციის“ გამო 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა

რაც შეეხება საბანკო სისტემას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საბანკო სისტემა არის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი“. იგი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, საერთაშორისო სანქციები დაუწესდა რუსულ ბანკებს, მათ შორის VTB-ს, რომელსაც საქართველოში ფილიალი ჰქონდა.

რაც შეეხება უკრაინის ომთან დაკავშირებულ სანქციებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვების მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. „საერთაშორისო ფინანსური სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“, – აღნიშნავს დოკუმენტი.

28/06/2023 – სანქციების საკითხებში კოორდინატორებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია დაბალი დონის კორუფციასთან ბრძოლაში, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის კვლავ მოწყვლადია იმასთან მიმართებით, რასაც საერთაშორისო გამჭვირვალობა „ელიტურ“ კორუფციას უწოდებს. ეს გულისხმობს მაღალი დონის თანამდებობის პირების მიერ იურიდიული ხვრელების გამოყენებას პირადი გამდიდრების, სტატუსის ან ანგარიშსწორების მიზნით. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია კორუფცია სახელმწიფო შესყიდვებში, ადმინისტრაციულ პრაქტიკაში და სასამართლო სისტემაში, ისევე როგორც ელიტური კორუფციის აღქმა, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობას საქართველოს ინსტიტუტებისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ.

კორუფციული საკითხების გარდა, დოკუმენტი დეტალურად განიხილავს საქართველოს კაპიტალის ბაზრებს, საბანკო სისტემას, ინვესტიციების წახალისებას, საკუთრების უფლებებსა და რეგულაციებს, ასევე სხვა საკითხებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button