რატომ დევნის ივანიშვილი თავის ყოფილ ფინანსურ მრჩეველს?
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ქვემოთ მოცემულია ამ საქმის დეტალები, რომელიც რადიო „თავისუფლებამ“ დაწვრილებით შეისწავლა.
ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, როდესაც ივანიშვილი თავის ოფთალმოლოგთან მივიდა კონსულტაციაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა საუბრისას უბრალოდ ახსენა საკუთარი შვილი, რომელსაც ახალი დამთავრებული ჰქონდა ბიზნესის ევროპული ინსტიტუტი (INSEAD) პარიზში. ერთი წლის შემდეგ, ივანიშვილი ბაჩიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც იმ დროს მოსკოვში ამერიკული ფირმის Booz & Company-ის პარტნიორი იყო, და რუსეთსა და საქართველოში თავისი აქტივების ფინანსური კონტროლი გადასცა.
ბაჩიაშვილი სწრაფი ტემპით მიიწევდა თავის კარიერულ გზაზე. 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილმა „თანაინვესტირების ფონდი“ დააფუძნა, რომლის კაპიტალიც 6 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საიდანაც 1 მილიარდი თავად ივანიშვილს ეკუთვნოდა. მას შემდეგ, ფონდმა არაერთი პროექტი დააფინანსა, მათ შორის „პანორამა თბილისი“ და „გალერია თბილისი“ და დღემდე ის მსხვილი მოთამაშეა ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონებისა თუ სხვა სექტორებში.
გიორგი ბაჩიაშვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „თანაინვესტირების ფონდის“ მართვაში და წლების განმავლობაში ითვლებოდა ქართველ მილიარდერთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და მისი ნდობით აღჭურვილ პირად. „თანაინვესტირების ფონდის“ მართვის გარდა, ბაჩიაშვილი წილებს ფლობდა ფონდის მმართველ კომპანიაში, „ჯი სი ეფ პარტნიორებში“ – სადაც მას ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მსგავსად 42% ეკუთვნოდა. მოგვიანებით, ბაჩიაშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 2019 წლიდან დაწინაურდა და ფონდის აღმასრულებელი დირექტორობიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლა.
ბაჩიაშვილის გავლენა „თანაინვესტირების ფონდს“ გასცდა მას შემდეგ, რაც მან ტექნილოგიების, ფინ-ტექის, ბლოკჩეინისა და ჰემპ ინდუსტრიებში გადაინაცვლა. 2014 წელს დააარსა კომპანია Mission Gate-ი, „ვენჩურული” ფონდი, რომელიც ე.წ. „ანგელოზ ინვესტორად“ ევლინება სხვადასხვა სტარტაპს. იმავე წელს, ამერიკული „ფორბსი“ გიორგი ბაჩიაშვილს ფინანსებში 30 წლამდე ასაკის მსოფლიოში 30 ყველაზე გავლენიან პირს შორის ასახელებს (Forbes 30 Under 30). ბაჩიაშვილი აქტიურად უჭერს მხარს ციფრულ ვალუტას, და ისეთ პროექტებში აბანდებს ფულს, როგორიცაა კრიპტოვალუტებში მომუშავე „ბიტფური“ და „კრიპტომატი“. მან იმასაც მიაღწია, რომ ორივე კომპანია მთავრობის მხარდაჭერით გადასახადებისგან გათავისუფლდა.
2014-2015 წლებში, კომპანია „ბიტფურიმ“ ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდისგან“ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. მან მილიონობით დოლარის სესხი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან 18 ჰექტარი მიწა მიიღო 1 ლარად და გორსა და გლდანში „მონაცემთა ცენტრები“ – კრიპტოვალუტების გამომმუშავებელი ცენტრები – ააშენა. ამ ტერიტორიას გლდანში მთავრობამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა, რითაც „ბიტფური“ გაათავისუფლა მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.
„კრიპტომატი“, კრიპტოვალუტების ბანკომატების ოპერატორი კომპანია, საქართველოს ქალაქებში 2018 წელს გამოჩნდა. „კრიპტომატის“ ბანკომატებით ბიტკოინის, ლაითკოინის, ბიტკოინ ქეშისა და ეთერიუმის ლარში ყიდვა-გაყიდვა გახდა შესაძლებელი.
ბაჩიაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს დაჰყვებოდა მსოფლიოს დედაქალაქებში. 2019 წელს იგი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა მისი დანიშვნა ამ პოსტზე არ მოხდა.
ნდობის დაკარგვა
2022 წლის სექტემბერში, ბაჩიაშვილმა ივანიშვილის ცნობილ დავაში შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან ივანიშვილის სასარგებლოდ მისცა ჩვენება. სამი თვის შემდეგ, ბაჩიაშვილმა კუთვნილი 100%-იანი წილი „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველ კომპანია „GCF პარტნიორებში“ ბიძინა ივანიშვილის დისშვილის მიყიდა და საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა.
ივანიშვილის ადვოკატების თქმით, პირველი ბზარები ივანიშვილის ნდობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ივანიშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ კიდევ ერთ პროექტში, „მტკვარი ჰესში“ გადაცდომები შეამჩნია. პროექტი 131 მლნ აშშ დოლარი ჯდებოდა. ჰესი 2020 წლისთვის უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, თუმცა პროექტი დღემდე დაუსრულებელია, ხოლო ბიუჯეტი 235 მლნ-მდე, თითქმის ორჯერაა გაზრდილი. ივანიშვილის ეჭვები მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ბაჩიაშვილმა 2015 წლის შემდეგ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი უძრავი ქონება შეიძინა.
ბრალდებები ივანიშვილის მოტყუების შესახებ
პროკურატურის თქმით, ბაჩიაშვილმა დაარწმუნა ივანიშვილი, რომ 2015 წელს „ბიტფურის“ მეშვეობით ბიტკოინის წარმოებაში დაებანდებინა ფული. ამავე ინფორმაციით, ივანიშვილმა ბიტკოინების წარმოებაში 5 მლნ აშშ დოლარი ჩადო, ხოლო ბაჩიაშვილმა – 1.3 მლნ აშშ დოლარი; შედეგად, მოგების 79.3% ივანიშვილს, ხოლო 20.7% – ბაჩიაშვილს უნდა მიეღო. ერთწლიან პერიოდში გამოიმუშავეს 24 661.85 ბიტკოინი. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა მოატყუა ივანიშვილი და თითქმის 40 მლნ დოლარის ბიტკოინები მიითვისა, რის შემდეგაც ბიტკოინები კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეში გადაიტანა.
ბაჩიაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ივანიშვილი არასდროს იყო თანაინვესტორი, და რომ 5 მლნ აშშ დოლარი მისი „ქართუ ბანკიდან“ სესხად გაცემული ინვესტიცია იყო.
საქმის ამჟამინდელი სტატუსი
პროკურატურის ინფორმაციით, ივანიშვილმა ჩვენება 2023 წლის აპრილში მისცა. 2023 წლის ზაფხულში თბილისში დაბრუნებულ გიორგი ბაჩიაშვილს ქონება დაუყადაღეს. 17 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განჩინებით დააყადაღა ბაჩიაშვილის ქონება და მისი წილები სხვადასხვა კომპანიაში.
6 ივლისს პროკურატურამ ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინა. იმავე საღამოს სასამართლომ მას 2.5 მლნ ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
შეთქმულების თეორია
ივანიშვილს 2021 წლის შემდეგ საჯაროდ აღარ უსაუბრია. ბაჩიაშვილის საქმეზე განმარტებებს პროკურატურა და ივანიშვილის ადვოკატები აკეთებენ.
ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, რომელიც ხშირად წერს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეკრული დასავლეთის შესახებ, ბაჩიაშვილის საქმესაც „შეთქმულებას“ უკავშირებს. მის წერილში, რომელიც აქტიურად გავრცელდა სახელისუფლებო მედიისა და სოციალური ანგარიშების მიერ, ნათქვამია, რომ ბაჩიაშვილი ნაწილია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „ამერიკული სპეცსამსახურების“ მიერ დაგეგმილი შეთქმულებისა, რომელიც მიზნად საქართველოს „ომში ჩართვას“ ისახავს. შათირიშვილის თქმით, ივანიშვილი „ამერიკული სპეცსამსახურებისთვის პრინციპულად მიუღებელი პერსონაა“, რადგანაც მან შექმნა „მსოფლიოში პირველი და დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოში მყარად დაფუძნებული ამერიკული აგენტოკრატია დაასრულა და დემოკრატია აღადგინა“. საკუთარი თეორიის გასამყარებლად, შათირიშვილი წერს, რომ ბაჩიაშვილს ადვოკატად მიხაილ ხოდორკოვსკის ადვოკატი მიუჩინეს.
რობერტ ამსტერდამი, რომელიც ბაჩიაშვილის ინტერესებს წარმოადგენს, ხოდორკოვსკის „იუკოსის“ ყოფილი ადვოკატია. მისი შვილი, სემ ამსტერდამი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენდა და მის ინტერესებს ლობირებდა.
რობერტ ამსტერდამმა უთხრა რადიო „თავისუფლებას“, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის ურთიერთობა მას შემდეგ შეწყდა, რაც ამ უკანასკნელმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობის დაკავებული პოლიტიკური პოზიციების ფონზე, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს პოლიტიკოსებისა და გავლენიანი პირების ნაწილი მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც „საქართველოს ჩრდილოვან მმართველს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)