ახალი ამბები

პოლიტიკოსები უკრაინის შესახებ ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 19 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში 90-იანი წლების აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან რიგ საკითხებზე, მათ შორის სააკაშვილის საქმეზე, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელზე, დავით კეზერაშვილზე ისაუბრა.

„სამოქალაქო საქართველო“ უკრაინის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე გამოხმაურებებს გთავაზობთ.  

მმართველი გუნდი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „მე არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება. იმ ქვეყანასთან, რომელმაც თავად 3 ომი გამოიარა რუსეთთან და ჩვენ, როცა ამ ცხელ ომში ვიყავით, არავისთვის არაფერი არ დაგვიყვედრებია, არავისთვის არაფერი გვითხოვია… სანამ იქნებოდა უკრაინა, მანამდე იყო საქართველო, იყო ქართველების ბრძოლა და ომი, რომელშიც ახლა არის უკრაინა. რაც შეეხება მეგობრობას, მეგობრობა ზუსტად გასაჭირში შეიცნობა. როცა ასეთი ომია და ამ ომში უკრაინის ხელისუფლება თავს ესხმის ქართველ ხალხს ასეთი განცხადებებით, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებით, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, აქაც ხომ უკრაინის ხელისუფლების ეს ნაწილი იყო ჩართული… ეს არის სწორედ, არამეგობრული  ქცევა“.

ოპოზიცია

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: „რუსი პრემიერი ღარიბაშვილის 4 ტყუილი: ის ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ ომის დასაწყებად და მეორე ფრონტის გასახსნელად გამომგზავნა. მე საქართველოში ჩამოვედი ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე, როცა არათუ უკრაინის, არამედ ამერიკის დაზვერვამ არ იცოდა ომის დაწყების პერსპექტივის შესახებაც კი. ე.ი ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელება; ღარიბაშვილი ამტკიცებს… სააკაშვილის ხელისუფლება, რომ ყოფილიყო მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. ეს იაფფასიანი ტყუილია…  ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ დაბლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა… უკრაინის ხელისუფლების გამოგზავნა მე არ მჭირდებოდა. სრულიად საჯაროდ მქონდა დიდი ხნის განმავლობაში დეკლარირებული პოზიცია, რომ ჩამოვიდოდი შარლ მიშელის რეფერენდუმისა და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და დაპირება შევასრულე… პრემიერმა ისიც არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ მათ ჩემს პასპორტში შტამპი ვერ აღმოაჩინეს იმიტომ, რომ ქვეყნიდან გასვლისას უკრაინულ პასპორტში შტამპი, როგორც წესი არ ირტყმება“.

ხატია დეკანოიძე, პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“, დეპუტატი:  „ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა ასეთ დაბალ ნიშნულზეა საქართველო- უკრაინის ურთიერთობა. ეს ალბათ უპრეცედენტო შემთხვევაა. უკრაინელი და ქართველი ხალხის დამოკიდებულება, ურთიერთკავშირი ძალიან კანონზომიერია და ამ კანონზომიერების დარღვევა მე ვერ წამომიდგენია. აი, ამის [ურთიერთობის] და ყველა ეროვნული ინტერესების დაზიანების ხარჯზე აკეთებს „ქართული ოცნება“ [ასეთ განცხადებებს]“.

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი: „უკრაინასთან ურთიერთობა მიზანმიმართულად დაძაბა და გააფუჭა ღარიბაშვილმა და აგრძელებს უკრაინასთან ვითარების დაძაბვას, რატომ? იმიტომ რომ ასიამოვნოს რუსეთს. ამ ცივილიზაციური  დაპირისპირების დროს, როცა სიკეთე ცივილიზებული მსოფლიოს, უკრაინის მხარესაა და ბოროტება რუსეთის, დიახ, ღარიბაშვილი დგას ამ ბოროტების მხარეს და ეს ბოროტება არ არის ვირტუალური, ეს ბოროტება ყოველ დღე კლავს უდანაშაულო უკრაინელ ბავშვებს და ამაში მონაწილეობს ირაკლი ღარიბაშვილი“.

ირაკლი კუპრაძე, „ლელო საქართველოსთვის“ წევრი: „უკრაინის დადანაშაულება თითქოს უკრაინა ეწინააღმდეგება ან არ არის დაინტერესებული საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არის სრული იდიოტიზმი. იმიტომ რომ დღეს უკრაინის ხელისუფლება უფრო მეტად ცდილობს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს. სხვაობა არის ძალიან მარტივი ამ ორ მიმართულებას შორის, „ქართული ოცნება“ ემსახურება პუტინის რუსეთს, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს ქართველი ხალხის ნება იყოს უპირატესი“.

ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი: „ყველას დადანაშაულება საკუთარი თავის გარდა, ყველასკენ ხელის გაშვერა და პასუხისმგებლობის დაკისრება… ერთადერთი რამის გამოხატულებაა – ყველა ვინც ჩემთან არ არის და მე პოზიტიურად არ მაფასებს, ყველა ჩემი მტერია. ეს არის მკაფიოდ გამოხატული ავტოკრატიული რეჟიმების სტრატეგია და ეს აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში… „ქართული ოცნება“ იყენებს ამას, ის ცდილობს მთელი პასუხისმგებლობა პარტნიორებზე გადაიტანოს“.  

ჰერმან საბო, „გირჩის“ წევრი, დეპუტატი: „უკრაინის მხრიდან საჯარო განცხადებებში არასდროს არ ყოფილა, რომ  საქართველოს არ მისცეთ რამე სტატუსი ან დაჩაგრეთო. თუ ღარიბაშვილს რამე კულუარული ინფორმაცია აქვს მაშინ პირდაპირ ისაუბროს… რომ არა ის სიტუაცია, რომელიც უკრაინაში შეიქმნა, მათი სისხლით, თავგანწირვით და მსოფლიოს დაანახა როგორი აგრესორია რუსეთი, ჩვენ ალბათ, კანდიდატის სტატუსთან რამდენიმე წელი ახლოსაც ვერ მივიდოდით“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button