ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: “თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა?”

15 ივლისს, „მთის დღეები – 2023“-ის გახსნით ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას ნატოს ვილნიუსის სამიტსა და უკრაინისთვის სამიტზე მიღებულ გზავნილებზე გააკეთა კომენტარი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში „გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში“ გასული სიუჟეტები სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არასწორედ წარმოაჩენდნენ. იგი აღნიშნავს: „თქვენ იცით, რომ… თავიდან სურათი წარმოაჩინეს, [რომ] რაღაც სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე… უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა“. 

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, რეალურად სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. „გარდა იმისა, რომ [სამიტზე] თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება [უკრაინას], ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი სანამ… რუსეთს არ დაამარცხებს. კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა?! ნატო არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის ნატო. სხვა უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს… ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. მაგრამ ასევე მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი, ასე ვთქვათ, განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა და ა.შ. და აღარ მინდა გავაგრძელო, იქ რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში,“ – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს სამიტზე უკრაინას წევრობის გარანტია მხოლოდ რუსეთთან ომის მოგების მერე მიეცა. ღარიბაშვილმა განმარტა: „თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან. ასეთ ვითარებაში, მეგობრებო, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე… მის გამო ნატო ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით, ჩვენ, საქართველომ, ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენ თავზე, ეს მაგალითი არის გაკვეთილი ჩვენთვისაც… ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, ჩვენ უნდა მივყვეთ თანმიმდევრულად ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად გახდეს, დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, ნატოს და საბოლოო ჯამში, გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება, ევროკავშირის და ნატოს წევრი“.


ცნობისთვის, ნატოს სამიტი 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართა. სამიტის შედეგად გამოქვეყნდა დასკვნით დოკუმენტი- კომუნიკე, რომელშიც საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულების, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP-ით), მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა უკრაინას მოეხსნა. აღსანიშნავია, რომ სამიტს პრემიერ-მინისტრი არ ესწრებოდა და საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button