დაწურულადევროპა

ნატოს მეთაურობისთვის ქიშპობა ხურდება

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის პოსტისათვის ქიშპობამ თეთრ სახლამდე მიაღწია.

რა ხდება:

გასული კვირის დასაწყისში, 5 ივნისს, აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დანიის პრემიერ მინისტრი, მეტტე ფრედერიკსენი ეწვია, რომელიც გენერალური მდივნის სავარძლისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეა. ხუთშაბათს, 8 ივნისს, ოვალურ კაბინეტში უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა შეაბიჯა და არც დაუმალავს, რომ ბაიდენთან მისი საუბრის ერთ-ერთი მიზანი ნატოს თავკაცის პოსტზე ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის მხარდაჭერაც იყო.

რატომ ხდება:

ნატოს ახლანდელი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, 2014 წლიდანაა ამ თანამდებობაზე და უკვე სამჯერ გაუგრძელეს ვადა.

  • სტოლტენბერგს სამშობლოში, ნორვეგიაში, ცენტრალური ბანკის თავკაცის პოსტი ელოდება და თავადვე თქვა, ოქტომბერში მანდატი რომ ამომეწურება, ნატოში მუშაობის გაგრძელებას აღარ ვაპირებო.
  • ამ თანამდებობისთვის შესაფერმა რამდენიმე კანდიდატმა, მათ შორის ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რუტტემ და ევროკომისიის მეთაურმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე იუარეს, ნატოს ხელმძღვანელობა არ გვიზიდავსო.
  • თუ დაამტკიცეს, ფრედერიკსენი ნატოს პირველი ქალი გენმდივანი იქნება და, ჩანს, მისი წინააღმდეგი ალიანსში არავინაა, თუმცა ჯერ აცხადებს, “კანდიდატი არ ვარო.”

რა ხმები დადის:

ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა ვინაობის გაუცხადებლად უთხრა ჟურნალისტებს, სუნაკს სურს, ამერიკის პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ სტოლტენბერგის შემცვლელს “კრიტიკულ მომენტში თავდაცვითი ხარჯების ზრდის საკვანძო მნიშვნელობა” უნდა ესმოდესო.

  • ამით ბრიტანელმა დიპლომატმა ფრედერიკსენს წაკბინა, რადგან დანიის სამხედრო ბიუჯეტი ფრედრიკსენის ხელში ერთიანი ეროვნული პროდუქტის 2%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა (თუმცა ახლა კი იზრდება).
  • ფრედერიკსენის წინააღმდეგ გეოგრაფიული არგუმენტიც ისმის: უკვე მესამე გენმდივანია წარმოშობით ევროპის ჩრდილოეთიდან და ალიანსის ბევრს წევრს სურს, მარაქაში სამხრეთელები ან აღმოსავლელებიც გაერიონ.
  • ესტონეთის პრემიერი, კაია კალასი იმათაც დააკმაყოფილებთ, ვისაც ქალი მეთაური მოსდით თვალში და მათაც, ვინც აღმოსავლეთევროპელს ამჯობინებენ, თუმცაღა ალიანსის ზოგიერთი წევრისათვის კალასის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ზედმეტად ქორისებურია.

ბაიდენმა რაო?

ბრიტანელი პრემიერის ვიზიტისას ბაიდენს ჟურნალისტებმა პირდაპირ ჰკითხეს, უოლესის გენმდივნობაზე რას ფიქრობო. აშშ პრეზიდენტმა უოლესზე თქვა “ფრიად შესაფერისია” თანამდებობისთვისო, თუმცა დასძინა, ნატო საკუთარ ლიდერს სჯა-ბაასის შემდეგ აირჩევსო.

  • ბაიდენი მართალია, თუმცა აშშ-ს კანდიდატის შერჩევაში მართლაც საკვანძო როლი აქვს. აშშ პრეზიდენტმა უკვე მიანიშნა, რომ თანამდებობაზე მოქმედ ან ყოფილ პრემიერს ან პრეზიდენტს უფრო ხედავს, ვიდრე მინისტრსო, ამბობს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ივო დაალდერი.
  • დაადლერი იმასაც დასძენს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფრანგებმა ბრიტანელს დაუჭირონ ამ თანამდებობაზე მხარიო.
  • აი, ფრედერიკსენს კი პარიზიც მხარს უჭერს, ბერლინიც და ბაიდენმაც შეაქო უკრაინის ურყევი მხარდაჭერისათვის.

ოღონდ მთლად ადვილად არაა საქმე:

მცოდნე ხალხი ამბობს, ფრედერიკსენის გენმდივნობაზე თურქეთია ამრეზილიო.

  • თუ ეს მართალია, ალიანსის წევრები, რომლებიც კარგა ხანია ცდილობენ, ანკარა ალიანსში შვედეთის გაწევრიანებაზე დაიყოლიონ, შესაძლოა მოერიდონ გენმდივნის საკითხზე ერდოღანთან დავას.
  • თურქული მხარე ამ საკითხზე საჯაროდ ჯერ კიდევ სდუმს.

რას ველოდეთ?

თუკი კონსენსუსის მონახაზი მალევე არ გამოჩნდაო, ამბობს დაადლერი, შეიძლება სტოლტენბერგს სთხოვონ, კიდევ ერთი წლით უხელმძღვანელოს ალიანსსო.

პირველწყარო
Race to become NATO's next leader heats up

მსგავსი/Related

Back to top button