ახალი ამბები

სასამართლომ წარმოშობით ირანელი, ბრიტანეთის მოქალაქის საქართველოში არ შემოშვება უკანონოდ ცნო

არასამთავრობო ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს 6 ივლისის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტის აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვების შესახებ  2022 წლის 26 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და საქმის განხილვისას სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის მითითება, რომლის გამოც „თითქოს აიდა ბალაფკანის შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა“ ხშირად „სისტემატურ“ ხასიათს ატარებს, რაც „ყოველგვარ რეალურ არგუმენტაციაზე და დასაბუთებაზე უარის თქმას გულისხმობს“.  

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, დაადასტურა, რომ აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვება „დაუსაბუთებელი და უკანონო იყო“.

„აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილებების მიმღები უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწრო… დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში და აქვე გონივრული ეჭვია გამოთქმული, რომ აიდა ბალაფკანის ქვეყანაში არ შემოშვება მის ირანში დაბადებას უკავშირდება.

თეირანში დაბადებული, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტი, აიდა ბალაფკანი საქართველოში  2022 წლის 26 აპრილს ჩამოვიდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, იგი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების თაობაზე კვლევით საქმიანობის დაწყებას გეგმავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button