skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: მედიის საქმეების განხილვას დიდი დრო სჭირდება და სამართლიანობა აკლია

საქართველოს სასამართლოებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ მედიის საქმეების განსახილველად, უგულებელყოფენ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას და ხშირად მტკიცების ტვირთს მედიას აკისრებენ, ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ახალ ანგარიშში.

„მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონითა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს“, – აცხადებენ კვლევის ავტორები და მიუთითებენ, რომ ხელისუფლება სასამართლოებს ოპოზიციურად განწყობილი მედიის ჩასახშობად იყენებს.

გაუმართლებლად ხანგრძლივი ვადები

ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლოები ხშირად არღვევენ საკანონმდებლო ვადებს მედიის მიერ შეტანილი საქმეების განხილვისას, თუმცა „სასამართლოსთვის პრიორიტეტულია და შემჭიდროვებულ ვადებში განიხილება მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ  შეტანილი ცილისწამების სარჩელები“.

მაგალითად, 2022 წლის აპრილში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, 24 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა სასამართლოს. „ამ დრომდე მოცემულ საქმეზე  ერთი სხდომაც კი  არ დანიშნულა, ეს იმ ფონზე, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის ცილისწამების სარჩელი „TV პირველის“ წინააღმდეგ 6 თვეში დასრულდა. სასამართლომ განსაკუთრებით შემჭიდროვებულად, 3 თვის  ვადაში განიხილა, თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით

ანგარიშის თანახმად, სასამართლო მედიებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში არ ხელმძღვანელობს კანონითა და უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმებით, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების საქმეების განხილვას. მოსამართლემ „ტვ პირველის“ წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე გადაწყვეტილებაში კანონით გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის თანახმადაც ყოველგვარი ეჭვი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს, დაუსაბუთებული განმარტების საფუძველზე შეცვალა და მტკიცების ტვირთი მედიის წარმომადგენელს დააკისრა. შედეგად, „TV პირველს“ მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა.

მტკიცების ტვირთს შრომითი დავების დროს

მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების ტენდენცია გვხვდება შრომითსამართლებრივი შინაარსის დავებშიც. მაგალითად, ჟურნალისტ გიორგი ლომინაძის საქმეში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და გიორგი სუხიტაშვილის საქმეში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს დააკისრა, რაც არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამ დროისათვის ორივე საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. ორგანიზაცია მიიჩნებს, რომ ხელისუფლება სასამართლოს კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის სახით იყენებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად შეაფასოს ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნოს  მის მიერვე დადგენილი  მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button