ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან ორაზროვან სიგნალებს იღებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ საინფორმაციო ჟურნალ „უკრაინსკა პრავდას“ ინტერვიუ მისცა, სადაც მან ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ურთიერთობაზე რუსეთთან და ევროკავშირთან და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

მან აღიარა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა “სრულად დამაკმაყოფილებელი არ არის” და გამოთქვა მზადყოფნა, ეწვიოს უკრაინას სოლიდარობის გამოსახატავად, თუ იქნება ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა ყირიმის პლატფორმა. თუმცა, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტისგან მოწვევა მას ჯერ არ მიუღია.

კითხვაზე, არის თუ არა „ღალატი“ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, განსაკუთრებით ავიაკომპანია Azimuth-თან, რომელიც უკრაინის მიერ არის სანქცირებული, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართ, რომლის რეგიონები ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან „საჯაროდ და ძალიან სერიოზულად გააპროტესტა ეს ნაბიჯი“, ისევე როგორც სხვები, რომლებიც „არ შეესაბამება საქართველოს ხედვას მის მომავალზე, საქართველოს ხედვას იმის შესახებ, თუ ვინ არიან მისი პარტნიორები“.

მან ასევე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხის ნებას შორის „არის აშკარა მანძილი, რომელიც იზრდება“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ბევრად უკეთ წარმოაჩენს ხალხის ნებას, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, გამართლებული იქნებოდა თუ არა უკრაინის მიერ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება და განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტს, მას არ შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირებას.

იგი მიესალმა უკრაინისა და მისი ხალხის „ბრძოლას რუსული აგრესიის დასაძლევად“ ევროკავშირთან დაახლოების გზით და გამოხატა „მტკიცე რწმენა“, რომ საქართველო და უკრაინა ერთად შეუერთდებიან ევროკავშირს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მანდატი, რომლისთვისაც ქართველმა ხალხმა ამჟამინდელი მთავრობა აირჩია. პრეზიდენტის თქმით, “ჩვენ არასდროს ვიქნებოდით ასე ახლოს ევროკავშირთან, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა.”

ზურაბიშვილმა უარყო საქართველოსა და რუსეთის შემდგომი დაახლოების შესახებ “მოარული ხმები” და აღნიშნა, რომ „რუსეთმა იგრძნო, რომ მანევრირების საშუალება არსებობს და ახლა ნიადაგს სინჯავს“. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთი აგებს ომს უკრაინასთან, ფაქტობრივად, მან უკვე წააგო პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად და საერთაშორისო დონეზე და წააგებს სამხედრო თვალსაზრისითაც.

ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ქცევასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისინი რუსეთს უგზავნიან „მსუბუქად რომ ვთქვათ, ორაზროვან“ სიგნალებს და ეს უკანასკნელი ახლა „ნიადაგს სინჯავს, რომ ნახოს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს“. მან იქვე დასძინა, რომ საქართველომ არ უნდა აჩვენოს მიზანდასახულობის ნაკლებობა, რადგან ის „წაახალისებს რუსეთს, რომ სცადოს რამდენად შორს შეუძლია წასვლა“. ზურაბიშვილმა აღიარა, რომ „ისინი [რუსები] შესაძლოა რკინიგზის ან სხვა რამეების მოსინჯვით აპირებენ ამას“ და ის ამას აუცილებლად შეეწინააღმდეგება. თუმცა, მისივე თქმით, მას არ აქვს აღმასრულებელი უფლებამოსილება, რომ ეს ეფექტურად შეაჩეროს.

კითხვაზე, ითხოვს თუ არა უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ მტკიცებას აზრი არ აქვს. მას მიაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებმა უნდა მოიცავს საკითხი, რომ რუსეთმა დატოვოს ყველა ის ტერიტორია, რომელიც ამჟამად ოკუპირებული აქვს, „რადგან თუ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ არ აღიარებს, რომ მას არ შეუძლია თავისი მეზობლების, იქნება ეს პატარა თუ დიდი ქვეყანა, ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ რუსეთი რუსეთად დარჩება“, რაც, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ხუთ ან ათ წელიწადში ის ახალ ომებს წამოიწყებს.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი სამშვიდობო მოლაპარაკებები არის გზა, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს და აღნიშნა, რომ არ სჯერა ამ ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, მან თქვა, რომ ის ანგარიშვალდებულია ქართველი ხალხის წინაშე, რომელთაგან ბევრი გახდა მისი „რეჟიმის“ მსხვერპლი და ეს არის საკითხი „რომელიც კვლავ პოლარიზებას იწვევს საქართველოს მოსახლეობაში“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”მოსახლეობის განცდა არის ის, რომ მან პასუხი უნდა აგოს მისი რეჟიმის დროს მომხდარი ზოგერთი დანაშაულისთვის”. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ”არსებობს განცდა, რომ მას ღირსეულად უნდა მოეპყრონ და გამოსავალი უნდა მოიძებნოს” და რომ იგი ცდილობს გამოიყენოს თავისი დიპლომატიური კავშირები ამ მიზნით.

ნიკა გვარამიას საქმეზე პრეზიდენტმა თქვა, რომ „სულ სხვა სიტუაციაა“. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზეწოლის ქვეშ ვერ შეიწყალებს. „რაც ნაკლები ზეწოლა იქნება გარედან, მით უკეთესია შეწყალებისთვის“ და დასძინა: „… მე ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა”.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ჟურნალისტების დევნა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ქართული დემოკრატიისთვის, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული დემოკრატია ამ ეტაპზე ბევრი საფრთხის წინაშე დგას“. მან აღნიშნა: „რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ“ და ”გამოხატვის თავისუფლება ალბათ ის უფლებაა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ”. შემდეგ მან გაიხსენა: „მე თვითონ გავხდი ამ ჟურნალისტის ძალიან ზედმეტი სიტყვების სამიზნე“ და აღნიშნა, რომ ის „არ იყო მხოლოდ ჟურნალისტი: ის ასევე იყო პროკურორი სხვადასხვა დროს, თუმცა არა ის პროკურორი, რომელიც ახორციელებდა რეალურ სამართალს“.

ნატო-ში საქართველოს მისწრაფებებზე საუბრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვერავინ შეცვლის საქართველოს ორიენტაციას, რომელიც მის კონსტიტუციაშია ასახული. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ “უკრაინა ამ გზაზე, ალბათ, უფრო სწრაფად მიიწევს წინ”, ვიდრე საქართველო და იმედი გამოთქვა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნება მიღწეული.

კითხვაზე, დაუახლოვდა თუ არა საქართველო ევროკავშირს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მისი პრობლემების, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ კანონის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა: „ჩვენ გვაქვს შემაშფოთებელი ჟესტები ხელისუფლების მხრიდან“, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის მომხრეა, რაც, მისი თქმით, აქამდე გრძელვადიანი პერსპექტივა იყო, თუმცა უკრაინის წყალობით, რეალური გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button