skip to content
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საფრანგეთს სტუმრობს, სადაც იგი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, იაელ ბრაუნ-პივესა და სენატის თავმჯდომარეს, ჟერარდ ლარშეს შეხვდა. მანვე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს სიტყვითაც მიმართა.

ეროვნული ასამბლეისა და სენატის თავმჯდომარეებთან შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების, კულტურის, განათლების და ვაჭრობის მიმართულებებით.

მათვე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში საქართველო პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს.

საქართველოს პარალამენტისვე ცნობით, თავის მხრივ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ „მტკიცე მხარდაჭერა“ გამოხატა.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ კონტექსტში 12 პრიორიტეტის შესრულებაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტისა და საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეებმა. მათვე ორ ქვეყანას შორის არსებულ „მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზეც“ გაამახვილეს ყურადღება და „არსებული ისტორიული და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს“.

საქართველოს პარლამენტისვე ცნობით, ჟერარ ლარშემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე. მანვე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე საქართველოს მისწრაფებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „მისი წვლილი გლობალური უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად განუზომელია“.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისადმი მიმართვა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებისადმი მიმართვისას, შალვა პაპუაშვილმა წლების განმავლობაში საქართველოსადმი საფრანგეთის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაწეულ დახმარებასა და თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გამოხატულ პოლიტიკურ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

ამის შემდეგ, მან საქართველოს ევროინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში „ფრანგი მეგობრების“ მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. „ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ 12 პრიორიტეტს, რათა მოგვენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი… ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მიღწევები სათანადოდ შეფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული“.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და სტიმულს მისცემს რეგიონის სხვა ქვეყნებს დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „საქართველო არა მხოლოდ იღებს ევროპული უსაფრთხოების და ეკონომიკურ სარგებელს, არამედ თავადაც შეაქვს წვლილი ევროპულ უსაფრთხოებაში“.

შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამით „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა“. „ჩვენ კარგად გვესმის უკრაინის ტკივილი. საქართველომ გამოსცადა რუსული აგრესია 1990-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს. ამ განგრძობითმა აგრესიამ შედეგად მოიტანა საქართველოს ორი რეგიონის – ოკუპაცია და საკუთარი ქალაქებიდან და სოფლებიდან ასიათასობით ადამიანის იძულებითი და უკანონო გაძევება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „რუსული ოკუპაცია და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევა დღემდე გრძელდება უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციით“, საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედის მცოცავი ანექსიით“.

მანვე აღნიშნა, რომ არაერთი გაფრთხილებისა და თხოვნის მიუხედავად, „სამწუხაროდ“, საქართველოს დასავლეთის „სათანადო რეაგირება“ არ მიუღია. „ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და თავად ევროკავშირი საქართველოში რუსეთის ქმედებებს დღემდე არ ეძახის შესაბამის სახელს – ოკუპაციას“, – თქვა მან და დაამატა, რომ „საბედნიეროდ, დღეს უკვე ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ევროპის ძლიერ, ერთიან და ეფექტიან რეაგირებას“.

„ჩვენც უკრაინის გვერდში ვართ. ჩვენი სოლიდარობა გამოვხატეთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც. ჩვენ ვდგამთ მტკიცე ნაბიჯებს იმის მიუხედავად, რომ თბილისთან ახლოს უკანონო რუსული სამხედრო დანაყოფები დგას. საქართველო სამხედრო ესკალაციის მაღალი რისკის წინაშეა და ჩვენ არ ვართ დაცული ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგით, თუმცა, არსებული საშუალებებით სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში“.

ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით თქვა, რომ არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს“: რჩება ნატოსა და ევროკავშირის სანდო პარტნიორად საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში; რჩება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მნიშვნელოვან საყრდენად და სხვ.

აღნიშნა რა რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროპისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაცია მწვავე პრობლემად იქცა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს „ევროკავშირთან მუშაობა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, რათა გაიხსნას ენერგიის მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და ევროპის მედეგობას“.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ რუსეთისადმი საქართველოს პოლიტიკა ეფუძნება პასუხისმგებლიან მიდგომას, რომელიც გვეხმარება რუსეთის მხრიდან პირდაპირი შეჭრის საფრთხის შემცირებაში და რომ საქართველო აგრძელებს გლობალური პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი მიწების რუსეთისგან დეოკუპაციისა და ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო არაღიარების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button