Placeholder canvas
ახალი ამბები

PHR ქვეყანაში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში ქვეყანაში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ამახვილებ ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ „მკვეთრად გაუარესდა მთავრობის თანამშრომლობა ბავშვთა უფლების დამცველ ორგანიზაციებთან“.

ორგანიზაცია სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი „საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამო“ შეუჩერდათ. მომატებულია ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკაც და პრობლემად რჩება ამგვარი ძალადობის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებაც.

PHR-ის განცხადებით, განსაკუთრებით რთულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. შშმ ბავშვების არსებული შეფასების მოდელი კვლავ სამედიცინო მიდგომას ეყრდნობა და ბავშვებს ართმევს შესაძლებლობას მიიღონ წვდომა ადეკვატურ სერვისებზე. ამასთან, სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის არსებული სახელმწიფო პროგრამები არასაკმარისია და ბავშვთა კეთილდღეობის არსებული პროგრამები შშმ ბავშვებზე მორგებული არ არის.

„საქართველოში კვლავ არსებობს ე.წ. „ბავშვთა სახლები“, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უსაფრთხო და ჰარმონიული ცხოვრების, მათი განვითარების ფუნდამენტურ უფლებებს. სახელმწიფო კვლავ არაეფექტურად მუშაობს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერის მიმართულებით“.

მთავარ გამოწვევებს შორის ორგანიზაცია სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვების არარსებობასაც ასახელებს და ხაზს იმასაც უსვამს, რომ ბავშვთა ნაწილისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო კვლავ ხელმისაწვდომი არ არის სკოლამდელი განათლება.

ამ და სხვა გამოწვევების გამო, PHR-ს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია და საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების ძალისხმევის მაქსიმალური მობილიზება ბავშვთა უფლებების არსებითად გაძლიერების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფი და მდგრადი მოგვარებისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button