ახალი ამბები

კვლევა: საქართველოში ბავშვების 38%-ს მატერიალური და სოციალური დანაკლისი აქვს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის – ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში – თანახმად, რომელიც 20 აპრილს გამოქვეყნდა, ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა, თუმცა „საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს“. ამასთან, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) ხსენებული პროგრამიდან დახმარებებს, სავარაუდოდ, იმ მიზეზით არ იღებს, რომ მათი ოჯახები არ აკმაყოფილებენ ბავშვის მიზნობრივი დახმარების პროგრამის კრიტერიუმებს.

კვლევა 2022 წლის ივლის-სექტემბერში ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის მრავალი განზომილების (განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; სასკოლო კვება; უსაფრთხოება სახლში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი დასხვ.) შესახებ მონაცემების შეგროვება იყო. კვლევის ფარგლებში, 1 279 რესპონდენტი გამოკითხეს, რომელთაც ინტერვიუერებს საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (სულ 2 438) შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ზოგადი მიგნებები

კვლევის შედეგებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის, მათგან 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6% ბარიერების გამო. „ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება“. ამასთან, 2021-2022 წლებში, 6-17 წლის ასაკის ბავშვების 2% იყო განათლების მიღმა დარჩენილი, 98% კი – ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ სასწავლებელს.

დოკუმენტის თანახმად, კერძო მასწავლებლების მომსახურებას 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% იყენებს, ამდენივეს სურს, მაგრამ სერვისით სარგებლობას ვერ ახერხებს, „კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87%-ში“. დაბალია (12.2%-13.8%) კლასგარეშე წრეებში მონაწილეობის მაჩვენებელიც. „ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზებია გადახდის უუნარობა“.

მნიშვნელოვანი პრობლემაა საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობაც, ბავშვების 45.3%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც. საგანმანათლებლო ნივთებიდან, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის კომპიუტერები (29%). შემდეგ: სახატავი მასალები (18.5%), წიგნები (16.5%), მუსიკალური ინსტრუმენტები (10%).

წყარო: UNICEF

კვებისა და სამედიცინო მომსახურების პრობლემა

კვლევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სკოლის საათებში კვება სახელდება და ხაზგასმულია, რომ ამ პერიოდში ბავშვების 1/3-ზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება. „სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%). ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი (37.7%) არის ფინანსური პრობლემა. რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (83.2%) დარწმუნებულია, რომ ბავშვის კვება სკოლამ უნდა უზრუნველყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების 5.6% ყოველდღიურად ვერ იღებს ხილსა და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი ფინანსები.

წყარო: UNICEF

კვლევის მიხედვით, ბავშვთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო არის ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა. ბავშვების 12%-მა, კვლევის ჩატარებამდე 12 თვის განმავლობაში რამე სახის სამედიცინო მომსახურების მიღება ვერ შეძლო, 4.9%-მა კი – საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღო. ორივე შემთხვევაში მთავარი მიზეზი იყო ფინანსები.

ფუნქციური სირთულე

„ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა“ მიუთითებს, რომ საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა 5.8%-ს რომელიმე ფორმის ფუნქციური სირთულე აღენიშნება, „რაც მნიშვნელოვნად უზღუდავს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას“. ფუნქციური სირთულეები უფრო ხშირია 5-17 წლის ბავშვებში (6.5%), ვიდრე 2-4 წლის ბავშვებში (1.8%). მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ფუნქციური სირთულეების ქონის ალბათობა (10.5%) ოთხჯერ მეტია, ვიდრე სხვა ბავშვებში (2.8%).

„მათგან, შშმ პირის ოფიციალური სტატუსი მხოლოდ 12.6%-ს აქვს. ამის ერთი მიზეზი არის ის, რომ, ამ დრომდე, შშმ პირის სტატუსის დადგენა კვლავ სამედიცინო მოდელზე დაყრდნობით ხდება, სადაც არ არის გათვალისწინებული ფუნქციური სირთულეები და შეზღუდული შესაძლებლობების ფსიქო-სოციალური ასპექტები“.

კეთილდღეობის მაჩვენებლები ბავშვთა სხვადასხვა ჯგუფში

დოკუმენტის თანახმად, ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტისთვის განსხვავებები გამოვლინდა ბავშვთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის. მაგალითად, მატერიალური და სოციალური დანაკლისი უფრო მეტად (47.1%) სოფლად მცხოვრებ ბავშვებში ფიქსირდება, ვიდრე ქალაქად (31.2%). ამასთან, სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა, არ მიუწვდებოდეთ ხელი სკოლამდელ განათლებაზე, ვიდრე ქალაქში მცხოვრებ ბავშვებში.

წყარო: UNICEF

ფუნქციური სირთულეების არმქონე ბავშვებთან შედარებით, ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვებს თითქმის 4-ჯერ ნაკლები ალბათობით მიუწვდებათ ხელი საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე და 2-ჯერ და მეტი მაღალი ალბათობით ვერ იღებენ საჭირო მედიკამენტს.

„კეთილდღეობის ყველა ასპექტში“ ბავშვების სხვადასხვა ჯგუფს შორის გამოვლენილი „უთანასწორობის გათვალისწინებით, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უთანასწორობების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ყველა ღონისძიების ცენტრალური საკითხი“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გამოხმაურება

კვლევის შედეგებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია გამოეხმაურა და თქვა, რომ დოკუმენტის მიხედვით, „საქართველოს, ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, დიდი წარმატება აქვს“. მისივე თქმით, კვლევაში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობამ, მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა, რაც მინისტრის მოადგილისვე განმარტებით, „ბავშვების მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button