ახალი ამბები

არასამთავრობოები პრემიერს უკრაინის ომის მიზეზად ნატოს გაფართოების დასახელებისთვის აკრიტიკებენ

19 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ნათქვამს ეხმიანებიან, სადაც მან უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნატოს გაფართოება დაასახელა და სინანულს გამოთქვამენ, რომ მისი გამოსვლა „სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს“.

„ამასთან, სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე“, – ნათქვამია არასამთავრობოების მიერ 31 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

უფლებადამცველები შეახსენებენ პრემიერს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული და რომ „ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს“.

ისინი ასევე შეახსენებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ის იმ სახელმწიფოს პრემიერია, რომლის ხალხის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უწერს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. „აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – ხაზს უსვამენ არასამთავრობოები.

სხვებთან ერთად, ერთობლივ განცხადებას ხელს ასევე აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button