ახალი ამბები

მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე ინციდენტისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი დაშავდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-ახალქალაქის მშენებარე მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი – დაშავდა. ინფორმაციას შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, სამუშაოებს ასრულებს აზერბაიჯანული კომპანია – „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი საქართველოში“ და გარდაცვლილიც და დაშავებულიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ცნობით, წალკა-თრიალეთის სამშენებლო მონაკვეთზე დაზიანებულია სამშენებლო მოძრავი შემადგენლობა – სარელსო ტექნიკა და ეს მონაკვეთი სამატარებლო მიმოსვლისთვის დაკეტილია.

კომპანიის განცხადებაში მომხდარის შესახებ დეტალები დაზუსტებული არ არის. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, შემთხვევა გუშინ, 26 მაისს მოხდა, რა დროსაც სამშენებლო სამუშაოებისას რელსებიდან ე.წ. ტექნიკური მატარებელი გადავიდა.

ამავე ინფორმაციით, მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით და დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 27 მაისს,18:30 სთ-ზე შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად განახლდა. მასალის თავდაპირველ ვერსიაში „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button