skip to content
ახალი ამბები

მცხეთის მახლობლად სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა


30 ივლისს მცხეთის მახლობლად რელსებიდან გადავარდნილი მატარებლის ვაგონების ფოტო ტელეკომპანია "რუსთავი 2“–ის კადრიდან. 

სატვირთო მატარებელი, რომელიც საწვავითა და სხვა ტიპის პროდუქტებით იყო დატვირთული, 30 ივლისს მცხეთის მახლობლად რელსებიდან გადავარდა.

ავარიის შედეგად, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა, ათი ვაგონი, მათ შორის საწვავით დატვირთულები, ლიანდაგიდან გადავარდა და ამობრუნდა, განუცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ნოდარ ჭუმბაძემ "რუსთავი 2“–ს.

ინციდენტის შედეგად საწვავი დაიღვარა და ხანძრის თავიდან ცილების მიზნით, მეხანძრეებმა მთელი ტერიტორია ქაფით დაფარეს. საწვავი ასევე დაიღვარა აღმოსავლეთ–დასავლეთ ავტომაგისტრალის მონაკვეთზე, რომელიც ავარიის ადგილის მახლობლად მდებარეობს, რამაც საავტომობილო მოძრაობაც შეაფერხა.  

წინასწარი ინფორმაციით, მატარებლის ერთ–ერთი ვაგონი „ტექნიკურად გაუმართავი“ იყო, რამაც მატარებლის რელსებიდან გადასვლა გამოიწვია, განუცხადა "საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა ირმა სტეფნაძემ Civil.ge–ს.

მისი თქმით, სატვირთო მატარებლის შემადგენლობაში სხვადასხვა კომპანიების ტვირთები იყო, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.

"საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ავარიამ თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების განრიგში სულ ცოტა ორსაათიანი დაგვიანება გამოიწვია.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button