ახალი ამბები

ხავიერ კოლომინა: საქართველო მზად უნდა იყოს გადამწყვეტი მომენტისთვის

თბილისში ვიზიტად მყოფმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ 24 მაისს ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას კარგი შეხვედრები ჰქონდა თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ასევე პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მისი თქმით, 25 მაისს იგი საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრემიერმინისტრსაც შეხვდება.

კოლომინას თქმით, მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მხარდაჭერის გზავნილი გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველო „ნატოსთვის ძალიან ღირებული პარტნიორია“, რაც გამყარებულია მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომლებიც ეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებასა და ქვეყნის საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას, ასევე დამატებითი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფასა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას.

სპეციალურმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა რეფორმების ტემპთან, ასევე „ზოგიერთი რეფორმის არსთან“ დაკავშირებით. იგი მიესალმა „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის გაწვევას და დასძინა, რომ მან გამოხატა შეშფოთება რეფორმების, კერძოდ, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების დონის, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე.

მისივე თქმით, მან თბილისში გამართული შეხვედრებისას უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ „ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი შარშან ომის დაწყების შემდეგ“ და რომ ეს იქნება ვილნიუსის სამიტის პირველი პრიორიტეტი. კოლომინამ ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად“.

11-12 ივლისს დაგეგმილ ნატოს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე და იმაზე, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო მისგან, კოლომინამ განაცხადა, რომ მზადება ჯერ კიდევ გრძელდება. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაესწრება სამიტს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ადგილი მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების შესაფასებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კომუნიკეს მიიღებს, რომელიც იქნება ძლიერი პოლიტიკური დეკლარაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველო ამ კომუნიკეს ნაწილი იქნება“, სადაც ფორმულირებული იქნება ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები.

ალიანსში საქართველოს მომავლის შესახებ დასმულ კითხვაზე, სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  საქართველო ნატოს ფუნდამენტურ პარტნიორად რჩება. მან განაცხადა, რომ „ის საქმე, რომელსაც საქართველოსთან ორმხრივად ვასრულებთ, შესანიშნავია“. მანვე დასძინა, რომ „ამისათვის ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ“. მისი თქმით, ნატო კმაყოფილია თავსებადობის დონით და პრაქტიკული თანამშრომლობით, ასევე პოლიტიკური დიალოგით.  „ამავდროულად, ჩვენ ვამბობთ, რომ არის რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს და არსებობს ძლიერი შეშფოთება რეფორმების განხორციელების დონის, რიტმის და ზოგჯერ არსის შესახებ“, – ხაზი გაუსა მან.

რეფორმების შესახებ დასმულ კიდევ ერთ კითხვაზე კოლომინამ განაცხადა: „ჩვენ არ გვაქვს ის ვადები, როგორც ევროკავშირს აქვს, მაგრამ შეშფოთება ძირითადად იგივეა, რადგან ჩვენი 2021 წლის რეკომენდაციები ძირითადად იგივე იყო, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაცია“.

მისივე განცხადებით, ნატოს სურს, რომ რეფორმები განხორციელდეს. კოლომინამ ასევე აღნიშნა იგი ოპოზიციასაც შეხვდა და ხაზი გაუსვა, რომ ნატო მოელის, რომ ოპოზიციაც ითამაშებს თავის როლს. კოლომინამ ხაზგასმით აღნიშნა: „ზოგადად ბოლო ორი წელი არ იყო საუკეთესო წლები საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, გავაგრძელებთ შეშფოთების გამოხატვას, როდესაც ეს საჭირო იქნება“. მისი თქმით, საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს როგორ წავიდეს წინ და მზად უნდა იყოს „გადამწყვეტი მომენტისთვის. „ომი უკრაინაში დასრულდება, გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული სხვადასხვა დონეზე, ასევე ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს.

ხავიერ კოლომინამ ასევე განაცხადა, რომ „გარკვეული რეაქციები“, მაგალითად, როგორიცაა ფრენების განახლების შესახებ რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ „ჩვენთვისაც შემაშფოთებელია“. მან აღნიშნა: „თქვენს ხელისუფლებას გადავეცი ეს გზავნილი: საქართველოს რეაქცია იმ მომენტში, როდესაც ჩვენი აზრით, ჩვენ ყველა უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს, მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეაქციამ შეიძლება ჩრდილი მიაყენოს იმას, რომ რუსეთი ცდილობს სანქციებს თავი დააღწიოს“. „ჩვენ ყველანი უკრაინის უკან უნდა ვიდგეთ“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button