Placeholder canvas
ახალი ამბები

პოლიტიკოსები ყვარლის აქციასა და პრეზიდენტის ბრიფინგს ეხმიანებიან

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 მაისს, თბილისში პირველი რუსული თვითმფრინავის დაშვების ფონზე საზოგადოების პროტესტის პარალელურად გავრცელდა ცნობები, რომ საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმამ, მიკა ვინოკუროვმა თბილისში იქორწინა და ქორწილის შემდგომი წვეულების გადახდას 20 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო „Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა-ზე“ გეგმავდა. იყო ინფორმაციაც, რომ საქართველოში იმყოფებოდა თავად ლავროვის ქალიშვილი, ეკატერინა ლავროვაც, რაც თავად კურორტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად არ დაადასტურა და თქვა, რომ „ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს“ და ლავროვის გვარით სტუმარი არ უფიქსირდებათ. არსებული ცნობებით, ლავროვის შვილი მეუღლის გვარს ატარებს. მოგვიანებით დადასტურდა, რომ იგი საქართველოს ნამდვილად სტუმრობდა. სასტუმროსთან სადაც რუსეთის მოქალაქეები საქორწინო წვეულებისთვის ემზადებოდნენ, 20 მაისს, სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც 17 პირი დააკავეს. მოგვიანებით, 17-ვე დაკავებული გაათავისუფლეს.

იმავე დღეს, მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სერგეი ლავროვის ნათესავებმა საქართველო დატოვეს და ისინი ქვეყანაში უკვე აღარ იმყოფებიან.

ქვემოთ ყვარელში გამართულ საპროტესტო აქციასა და პრეზიდენტის განცხადებაზე პოლიტიკოსთა და ომბუდსმენის შეფასებებია მოცემული:

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე:

„…მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს“.

„იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ, აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ესკალაცია, ეს არის ქვეყანაში არეულობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მე საზოგადოებას, მინდა, მოვუწოდო, რომ სათანადოდ დააკვირდნენ ამ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცენ“.

„…ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი, ზუსტად ის ახდა… ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება, ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“.

გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი:

„ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა. ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან და ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის, Facebook-ზე და, მათ შორის, საკმაოდ პოზიტიური კომენტარები ჰქონია უკრაინელებისგანაც… მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, რაღაც ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციას, ყოფას, ამ თემასთან დაკავშირებით , მაინც რაღაც სუსტად გამოვიყურებით… ხო, ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ, არ უნდა ჩამოდიოდეს, მოხდა, ხო? არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი, არ უნდა ჩამოსულიყო მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა [მიხეილ] სააკაშვილი“.

კახა კალაძე – დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი:

„ჩვეულებრივი ფარისევლები არიან [გულისხმობს ოპოზიციას], ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, გადახედეთ, წლების წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ და დღეს როგორი აღშფოთებული არიან… 2008 წელს ომი იყო და დავკარგეთ ტერიტორიები, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა ყოფილიყო, თუმცა, თურმე, მაშინ, ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება, ვნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ადამიანები“.

ლევან ხაბეიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“:

„ლავროვები, ლავროვის ოჯახის წევრები, თავად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოკუპაციაში, ეს კონკრეტული ადამიანი – შვილი, ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, მეტი რა უნდა დაირღვეს, რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან?!“

ნიკა მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:

„[ლავროვი] ავტორია იმ სისხლისღვრის, რაც 2008 წელს მოხდა. ბატონი ლავროვი და მისი ოჯახის წევრები ხომ არიან ავტორნი, რაც ხდება დღეს უკრაინაში?! დღეს ხომ აქ უნდა გაბედონ და პუტინის, რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უსურვონ რუსულ არმიას და დამარცხება – უკრაინას, გამარჯვება – რუსეთს და დამარცხება – ქართველ ერს?!. წარმოუდგენელი ცინიზმია, ვულგარული ცინიზმი“.

თეონა აქუბარდია – „რეფორმების ჯგუფი“:

„ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, სუვერენიტეტს გვიზღუდავს „ქართული ოცნება“ კრემლის პოლიტიკის სამსახურით. ამ მოცემულობაში აუცილებელია წინააღმდეგობა და ქვეყნის საგარეო ვექტორის დაცვა. იმასაც ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ღიად უპირისპირდება დასავლურ სანქციებს და ის არ დაიცავს ამ სანქციებს. ამ მოცემულობაში, იმ ტერორისტული რეჟიმის მსახურებს, რომლებიც ამხელა აგრესიას აწარმოებენ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოში, ფაქტობრივად, ის უფრო მეტად ეპატიჟება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ“.

ლევან იოსელიანი – საქართველოს სახალხო დამცველი:

„როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, სენსიტიურობით აღიქმება. სრულიად გასაგები არის იმ ადამიანების აღშფოთება, რომელიც მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს“.

გამოხმაურება პრეზიდენტის განცხადებაზე

სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლის ფონზე პროტესტის პარალელურად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „მივიღე პირობა, შს მინისტრისგან, რომ წასულები არიან ის ოჯახი და ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის გადახდას და ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება“. მანვე ხელისუფლებაც გააკრიტიკა და განაცხადა: „არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს“. საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია ქართველები ქსენოფობიაში დაადანაშაულო განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათ ბოლო 18 თვის განმავლობაში ოკუპანტი რუსეთიდან ასიათასობით მიგრანტი მიიღეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოიკოტს უცხადებს კომპანია ,,აირზენას“, რადგანაც ეს არის კომპანია, რომელიც „გასამდიდრებლად სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი… და ახლა, უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით“.

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე:

„…სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველოში ხალხმა ამ ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას, ეს არის რეალობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ხალხის სახელით ისაუბროს… მეორე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო… იცით, „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა-ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში. მაშინ, ზოგადად მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის, ეხებოდა ეს საქართველოსაც, ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაშა ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“…“

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე:

„…ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე:

„ასეთი გლობალური, ბინძური გეგმების ფონზე, ქორწილის მეორე დღე გადაიდო, ამ „ნაცურ“ ნარატივში ჯდება, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი. მისი გაკეთებული განცხადება ტყუილს შეიცავს, რადგან შეუძლებელია, ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს და ა.შ…“.

ლევან ხაბეიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე:

„საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს უყვარს და ტრიუკი ჩაატარეს – გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა ამ სასტუმროშიო… ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, რომ პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ ,რომ იცავენ…“.

პაატა მანჯგალაძე – სტრატეგია აღმაშენებელი:

„ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ამ საუბრებიდან არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად. რატომ? იმიტომ, რომ ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე. მე არ მინახავს, სალომე ზურაბიშვილი ემიჯნებოდეს ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს…“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button