ახალი ამბები

აუდიტი თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ აღრიცხვაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშში 2021 წელს უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს უწყებამ დაახლოებით 233 თანამშრომელს „საიდუმლო“ გრიფის საფუძველზე 5 160 000 ლარამდე სახელფასო დანამატი დაურიცხა, მათ შორის 286 672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. ამასთან, 160 000 ლარზე მეტის დანამატი 83 თანამშრომელს დაურიცხეს და ზოგიერთ შემთხვევაში თვეების მიხედვით გაცემულია ერთი და იმავე ოდენობის დანამატი. ამდენად, „მიუხედავად იმისა, რომ ყოველი თვის დანამატის გაცემის შემთხვევაში გამოცემულია მინისტრის ბრძანება, ბრძანებებში სათანადოდ არ არის დასაბუთებული დანამატის გაცემის საფუძველი“.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში თავდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებების საბუღალტრო აღრიცხვებში არსებულ ხარვეზებზეც არის ყურადღება გამახვილებული. კერძოდ, ხაზგასმულია დროული და ეფექტიანი კომუნიკაციის პრობლემა, რის გამოც ეკონომიკური მოვლენები სხვადასხვა პერიოდში აისახებოდა.

მაგალითად, 2022 წლის აპრილში, ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა სამინისტროს განმეორებით წარუდგინა აქტივების 2021 წლის სახელობითი რეესტრი, რომელშიც აქტივების კორექტირებული ჯამური ღირებულება 542 419 ლარით ნაკლები იყო თავდაპირველად წარმოდგენილზე. „აღნიშნული მიუთითებს გარკვეული კონტროლის მექანიზმის არსებობაზე, რომელიც შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს“.

დასკვნის თანხმად, ფინანსურ ანგარიშგებაში ასევე არ არის ასახული სამინისტროს აპარატის მიერ 2021 წელს განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგები.

კერძოდ, თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში ე.წ. „სამხედრო ქალაქის“ მშენებლობისთვის 96 720 000 ლარის ხელშეკრულება გამარტივებული წესით შპს „დელტა მშენებელთან“ გააფორმა. თავის მხრივ, „დელტა მშენებელმა“ 92 376 460 ლარის ხელშეკრულება ასევე გამარტივებული წესით შპს „ანაგთან“ გააფორმა. „აუდიტმა ვერ მიიღო რწმუნება სამშენებლო სამუშაოებისთვის განსაზღვრული სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულების კონკურენტულობაზე“. ამასთან, აუდიტმა შესრულებული სამუშაოების არაზუსტი აღრიცხვის ფაქტებიც გამოავლინა და აღმოაჩინა, რომ შესრულებული სამუშაოებსა და მის რეალურ ღირებულებას შორის დისპროპორცია იყო 430 220 ლარი.

ამდენად, აუდიტის სამსახური ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული უზუსტობის რისკები.

თავდაცვის სამინისტროს პასუხი

აუდიტის სამსახურის ანგარიშს თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უწყება წლიდან წლამდე აუმჯობესებს და ხვეწს აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოთქმულ რეკომენდაციებს და იმსახურებს მზარდ დადებით შეფასებებს. „რაც შეეხება ცალკეულ ნაკლოვანებებს, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათ აღმოფხვრაზე, მათ შორის დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების კუთხით“.

თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლებზე გრიფით „საიდუმლო“ წესით გაცემულ დანამატებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „თანხა გადაეცათ თავდაცვის სამინისტრის სამხედრო მოსამსახურეებსა და თანამშრომლებს მათ მიერ ეფექტიანად შესრულებული სამუშაოს დაფასებისა და წახალისების მიზნით“. უწყების განმარტებით, თანამშრომელთა წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.

„რაც შეეხება, უშუალოდ გაცემის ფორმას, აღნიშნული განხორციელდა საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად. დანამატები გაიცა იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეციალური წოდების მქონე პირებზე, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის სპეციფიკურ სამუშაოს და ამავე დროს, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სენსიტიურ საქმიანობასთან და ინფორმაციასთან“, – განმარტავს თავდაცვის უწყება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button