ახალი ამბები

არასამთავრობოები: მთავრობა უხეშად არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებს

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები 16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს მთავრობის მიერ OGP ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო. მათი თქმით ბოლო წლებში ეს „არაერთხელ ღიად დადასტურდა“, მათ შორის, აგენტების რუსული კანონის მხარდაჭერით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა, მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით და სხვ.

უფლებადამცველების განცხადებით, შეჩერებულია OGP-ის ეროვნული პროცესიც. „ქვეყანას უკვე მეოთხე წელია OGP-ის ფარგლებში ეროვნულ დონეზე არცერთი რეფორმა არ განუხორციელებია. საქართველოს OGP სამოქმედო გეგმა 2019 წლის შემდეგ არ აქვს, რითაც ორჯერ დაარღვია OGP-ის მონაწილეობისა და თანაშექმნის სტანდარტები“.

„სამწუხაროდ, ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების თითქმის სამწლიანი პროცესი კვალავ ჩიხში შევიდა. მთავრობა კვლავ ეცადა OGP პროცესი ეროვნულ დონეზე მხოლოდ ფორმალურად შეენარჩუნებინა და უარი თქვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებულ ყველა მნიშვნელოვან და შინაარსით ტრანსფორმაციულ ვალდებულების განხორციელებაზე“, – ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე“, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ OGP მმართველ კომიტეტს, რომ მოუწოდოს საქართველოს მთავრობას:

  • შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის შეწყვიტოს სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ; უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ხელი შეუწყოს მის ფუნქციონირებას; საფუძვლიანად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები;
  • უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულებას;
  • აღადგინოს OGP-ის თანა-შექმნის რეალური პროცესი (OGP co-creation process) და უზრუნველყოს ამბიციური ხასიათის ვალდებულებების განხორციელება;
  • დაიცვას OGP ღირებულებები და პრინციპები.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთ მიზანს, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და OGP-ის ეროვნული პროცესის ტრანსფორმაციული რეფორმების დაგეგმვის პლატფორმად გამოყენება წარმოადგენს“, – აცხადებენ ისინი.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „მწვანე ალტერნატივა“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“; „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“; „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“; „ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button