ახალი ამბები

არასამთავრობოები ღია მმართველობის პარტნიორობას რეაგირების პოლიტიკის პროცესის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველ კომიტეტს წერილით მიმართა, სადაც ქართული დემოკრატიის, სამოქალაქო სივრცისა და თავისუფალი მედიის დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს და მოუწოდებს მმართველ კომიტეტს, რომ რეაგირების პოლიტიკის პროცესი დაიწყოს, რათა მოხდეს ღია მმართველობის პრინციპების მიმართ მთავრობის ვალდებულებების ეფექტიანი შეფასება.

რეაგირების პოლიტიკა მაშინ გამოიყენება, როდესაც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყანა ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის OGP-ის ღირებულებებსა და პრინციპებს – როგორც ამის თაობაზე ღია მმართველობის დეკლარაციაშია საუბარი – ისე, რომ ამ ღირებულებებს უხეშად და აშკარად უგულებელყოფს და შესაძლოა OGP-ს რეპუტაციას საკმარისი ზიანი მიაყენოს. რეაგირების პოლიტიკა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება. OGP-ის მიერ განხორციელებული ქმედებების მიზანი იქნება: დახმარება გაუწიოს სირთულეების დაძლევაში და ხელი შეუწყოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნას; ასევე დაიცვას ღია მმართველობის დეკლარაცია და შეამსუბუქოს OGP-ის რეპუტაციული რისკები.

OGP-ის ღირებულებებისა და პრინციპების აშკარა უგულებელყოფა

წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ, რომ „საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში აგრძელებს ღია მმართველობის დეკლარაციაში ასახული ღირებულებებისა და პრინციპების აშკარა უგულებელყოფას“ და ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს მთავრობამ ღიად უგულებელყო OGP-ის ფუნდამენტური დოკუმენტები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და კრიტიკული მედიისთვის სივრცის შემცირებით, ფუნდამენტური თავისუფლებების, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების და კონფიდენციალურობის უფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით, სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვით და ეროვნული OGP პროცესის შეფერხებით, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ღია მმართველობის რეფორმების შეფერხებით“.

14-გვერდიან წერილში დეტალურად არის განხილული საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც არასამთავრობოების თქმით, „ძალიან აშფოთებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვებსაც, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და OGP-ს რეპუტაციულ რისკს უქმნის“. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „OGP-ის ღირებულებებისა და პრინციპების ბოლოდროინდელი და უხეში დარღვევები, რომლებიც ასახულია ღია მმართველობის დეკლარაციაში და მმართველობის მუხლებში, შემდეგია: მთავრობა ღიად უტევს სამოქალაქო საზოგადოებას, ცდილობს კრიტიკული მედიის გაჩუმებას და ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლებას და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას“.

ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ „ყველა ეს ძირითადი გამოწვევა, რომელზეც ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ გაამახვილეს მთავრობის ყურადღება“, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის ნაწილია, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია.

ორგანიზაციები „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო“ ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებასაც იხსენებენ და ამბობენ, რომ „ეს ადასტურებს სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებობს“.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით ინიცირება და მიღება მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯების კულმინაცია იყო. მათი თქმით, სამდღიანი პროტესტისა და მკაცრი საერთაშორისო რეაგირების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ ნათლად აჩვენა, რომ არ აპირებს კანონპროექტზე უარის თქმას.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ კითხვები საქართველოს სასამართლო სისტემისა და პროკურატურის დამოუკიდებლობის, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიპლომატების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ფართომასშტაბიანი უკანონო მოსმენების, ასევე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზების, მაღალი დონის კორუფციისა და სახელმწიფოს მიტაცების შესახებ ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაზე მიუთითებს.

მათივე თქმით, მთავრობას 2019 წლის დეკემბრიდან არ გააჩნია OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმა და, შესაბამისად, სამ წელზე მეტია არ შეუსრულებია არც ერთი ვალდებულება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

არასამთავრობოების მოთხოვნები

ორგანიზაციები დეტალურად განიხილავენ საქართველოს მთავრობის მიერ შეჩერებულ რეფორმებს და მმართველ კომიტეტს მოუწოდებენ აამოქმედოს რეაგირების პოლიტიკა და მოუწოდოს საქართველოს მთავრობას:

  • შეაჩეროს თავდასხმები და ცილისმწამებლური კამპანიები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე; შეწყვიტოს თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების გამოყენება კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ;
  • უზრუნველყოს პრესის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების სრულად სარგებლობა; 2021 წლის ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების საფუძვლიანად გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • მოხსნას ბარიერები საჯარო მონაცემებზე წვდომისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა თავისი სადამკვირვებლო როლის შესრულებაში;
  • აღადგინოს OGP-ის ერთობლივი შექმნის პროცესი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არსებითი დიალოგი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და არასამთავრობოებს შორის;
  • დაიცვას OGP-ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც ღია მმართველობის დეკლარაციასა და მმართველობის მუხლებშია ასახული.

წერილს ხელს აწერენ საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (და ფორუმის) წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ (CSI); „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC); „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „მწვანე ალტერნატივა“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button