Placeholder canvas
მოსაზრება

მოსაზრება | რა მიზნები უნდა დავისახოთ ნატოს ვილნიუსის სამიტისთვის?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომი გაფართოება და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების მდგრადი გარანტიების შექმნა დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთ-უკარინის ომის შედეგებზე და უკრაინის, როგორც ამ პროცესის მთავარი აქტორის ძალისხმევა სწორედ მიმდინარე ომის დროულად და წარმატებით დასრულებისკენ იქნება მიმართული.

ავტორი: ლევან დოლიძე იყო საქართველოს ელჩი ნატოში 2013-2015 წლებში, იგი საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელია

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ივლისში დაგეგმილ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ალიანსმა გადადგას ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინის გაწევრების პროცესში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP-ის), როგორც შემდეგი ეტაპის დღის წესრიგიდან მოსახსნელად და ამ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

MAP-ის ორი მდგენელი

საქართველომ და უკრაინამ 2008 წელს, ბუქარესტში მიიღეს დაპირება, რომ გახდებოდნენ ალიანსის წევრები. ამ სამიტზევე დადგინდა MAP-ი მათი ინტეგრაციის შემდეგ ეტაპად.

თუმცა მას შემდეგ ნატოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, MAP-ის მნიშვნელობა ამ ქვეყნებთან მიმართებით ორ ნაწილად: პრაქტიკულ და პოლიტიკურ კატეგორიებად დაიყო. ალიანსმა საქართველოს ეტაპობრივად მიანიჭა წევრობისთვის მოსამზადებელი ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, დღეისათვის კი MAP-ზე გადაწყვეტილებას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვაღა შემორჩა.

2008 წლის დეკემბერში, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატომ აამოქმედა პრაქტიკულად ყველა ინსტრუმენტი, რომლებიც როგორც წესი, MAP-ის მინიჭების კვალდაკვალ იწყებდნენ ფუნქციონირებას: შეიქმნა ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიები და ამოქმედდა ყოველწლიური ეროვნული პროგრამები. 2014 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველომ წარმატებით ჩააბარა 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე მოკავშირეების მიერ განსაზღვრული ტესტი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს მიენიჭა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ითვალისწინებდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაფუძნებას (JTEC), სამხედრო წვრთნების ინტენსიფიკაციას და სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელთა ძირითად მიზანს საქართველოს ნატოს წევრობისთვის მომზადება წარმოადგენდა.

უელსის 2014 წლის სამიტის დეკლარაციაში აღინიშნა: „საქართველოს ურთიერთობები ალიანსთან შეიცავს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს წინ წასაწევად საბოლოო წევრობისკენ („Georgia’s relationship with the Alliance contains the tools necessary to continue moving Georgia forward towards eventual membership“).

2016 წლის ნატოს სამიტის დეკლარაციაში კი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ MAP-ს მხოლოდ პოლიტიკური მდგენელიღა შემორჩა. ალიანსმა ერთი მხრივ აღნიშნა: „საქართველო გახდება ნატოს წევრი და MAP ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია“ („Georgia will become a member of NATO with MAP as an integral part of the process“). მეორე მხრივ იმავე დოკუმენტით განაცხადა: „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად („Georgia’s relationship with the Alliance contains all the practical tools to prepare for eventual membership“)

ნატოს მიერ საქართველოს მიმართ სხვადასხვა პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს შორის, ასევე აღსანიშნავია საქართველოს ჩართვა გაძლიერებული თანამშრომლობის ფორმატში (Enhanced Opportunity Partners – EOP) და ასევე, ალიანსის გადაწყვეტილება საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის პაკეტის (Tailored Support) შესახებ , რაც ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოს უკავშირდება. აღნიშნულმა ნაბიჯებმა ნატოსთან თავსებადობის გაზრდის და თავდაცვითი შესძლებლობების გაძლიერების დამატებითი საფუძვლები შექმნა.

შეცვლილი ვითარება

შვედეთისა და ფინეთის ნატოში MAP -ის გარეშე მიწვევით, ნატომ გაწევრიანების გზის შემოკლების პრეცედენტი შექმნა. ბუნებრივია, შეუძლებელია იმ კონტექსტის უარყოფა, რაც შვედეთსა და ფინეთს დღეს ნატოსთან ინტეგრაციის ეტაპზე მყოფი ქვეყნებისაგან (საქართველო, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა) განასხვავებს – ევროკავშირის წევრობა, სამხედრო თავსებადობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და გეოპოლიტიკური გარემო.

თუმცა, საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად წლების განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, ამ მიზნით ამოქმედებულმა ახალმა ინსტრუმენტებმა (SNGP) გააჩინა ყველა იმ ამოცანის მიღწევის შესაძლებლობა, რისთვისაც MAP როგორც გაწევრიანების მექანიზმი შეიქმნა.

პროფესიულ წრეებში მიმდინარე დისკუსიებში მეტწილად იზიარებენ აზრს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტები პრაქტიკული თვალსაზრისით საკმარისია წევრობისათვის. ბრიუსელში და ალიანსის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ხშირად კეთდებოდა აქცენტები MAP-ის გარეშე ნატოში წევრად მიღების პრეცედენტის არარსებობაზე, თუმცა ფინეთისა და შვედეთის მიწვევამ ეს არგუმენტი გაანეიტრალა. ალიანსის ის წევრები, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ საქართველოსთან ან უკრაინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, დღეს უპრეცედენტო ნაბიჯებს დგამენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების რეგულარულად მიწოდებაა.

რისი გაკეთება შეიძლება

აღნიშნულის მიუხედავად, დღეს რეგიონში არსებული კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარუდოა, ალიანსმა მკვეთრი ნაბიჯები გადადგას აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებასთან დაკავშირებით. უფრო მოსალოდნელია, რომ ნატო კვლავ მხოლოდ მოზომილი გადაწყვეტილებების გარშემო ეცდება კონსენსუსის მიღწევას.

ცხადია, ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილი უმძიმესი უსაფრთხოების გარემო და დამატებითი რისკებიც, თუმცა ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ვილნიუსის სამიტმა სწორი გზავნილი გაახმოვანოს იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლის მოქალაქეები უკვე მრავალი წელია ურყევად უჭერენ მხარს თავიანთი სახელმწიფოების ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და დიდი პოლიტიკური ფასიც გადაიხადეს ამ გზაზე პროგრესის მისაღწევად.

ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ივლისში დაგეგმილ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ნატომ გადადგას ნაბიჯი საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პროცესში MAP-ის, როგორც შემდეგ ეტაპის დღის წესრიგიდან მოსახსნელად. ამისათვის:

  • უკრაინისთვის უნდა შემუშავდეს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სპეციალური პაკეტი რომელსაც ამავდროულად წევრობისთვის მოსამზადებელი პაკეტის სტატუსიც ექნება, ისევე, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა;
  • სამიტის დეკლარაციამ უნდა გაიმეოროს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება MAP-ის, როგორც ინტეგრაციის აუცილებელი შემდეგი ეტაპის ხსენების გარეშე. დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს ამასთანავე აღნიშვნა, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი („პრაქტიკულის“ ხსენების გარეშე) ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად;
  • ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტს (SNGP) უნდა დაემატოს ისეთი ელემენტები, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და ამავდროულად არსებითად გაზრდის საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოსთან;
  • საქართველოსა და უკრაინას უნდა მიეცეთ საშუალება მაქსიმალურად ჩაერთონ ნატოში გამართულ სტრატეგიულ დისკუსიებში, მათ შორის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომებზე რეგულარულად მონაწილეობის გზით.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button