ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 21 დეკემბერს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.
სებ-ის განმარტებით, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა, არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს.
გარდა ამისა, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს და ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპის სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე მნიშვნელოვნად გადაჭარბების რისკებს ქმნის. „საყურადღებოა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტიც“.
ეროვნული ბანკის რუსეთ-უკრაინის ომსა და თანმდევ სანქციებზეც ამახვილებს ყურადღებას, რამაც საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაზარდა და ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა, რის ხარჯზეც „ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია“.
„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონეს აღემატება, რაც, საგარეო შემოდინებების შედეგად ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ინფლაციის შენელებას აფერხებს“, – აცხადებენ სებ-ში.
აღნიშნული რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. „მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის, ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება“.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ „ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარულ პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების ტენდენცია საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს“. ამასთან, დაანონსებული კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ზრდა საკრედიტო აქტივობაზე ასევე გამკაცრების მიმართულებით იმოქმედებს და მცირდება ფისკალური დეფიციტიც.
„ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას უნდა დაეხმაროს. მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 1 თებერვალს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)