ახალი ამბები

გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 მაისს განაცხადა, რომ გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტი დაიწყეს, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება. დიპლომატები უკვე შეხვდნენ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დიპლომატები განიხილავენ საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ისინი წეროვანში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებენ, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვევიან, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ბათუმშიც ჩავლენ, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

პრემიერმინისტრთან შეხვედრა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა შესაბამის ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს და საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პარტნიორობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საუბარი შეეხო ეფექტიანი რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე გამოითქვა სხვადასხვა სფეროში წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება“.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა

ვიზიტის ფარგლებში უცხოელი დიპლომატები საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსაც შეხვდნენ. არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს თანამშრომლობაზე როგორც გაეროსთან, ისე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან.

სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, როგორც ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებებით. მანვე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, უკანონო დაკავებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ასევე, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

მინისტრმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – განხორციელების პროცესზეც ისაუბრა, რაც „ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება“.

გაეროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გაეროში ბენინის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი მარკ ჰერმან გნინადოუ არაბა, კომოროს მუდმივი წარმომადგენელი ისიმაილ ჩანფი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ჟორჟ ნზონგოლა ნტალაჯა, დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ხოსე ალფონსო ბლანკო კონდე, ლიბიის მუდმივი წარმომადგენელი თაჰერ ელსონი, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენელი მენისა მარსელ რამბალი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button