skip to content
ახალი ამბები

გაეროს ელჩები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ

5-დან 12 მაისის ჩათვლით, საქართველო გაეროში ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის ელჩებს მასპინძლობს. ელჩები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან მუდმივი წარმომადგენლები გაეროში კონგოდან, სენტ-ვინსენტიდან და გრენადინიდან, შრი-ლანკადან, ურუგვაიდან, ბენინიდან, სენტ-ლუსიადან, ნამიბიიდან და ზამბიიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასეთი ვიზიტები ყოველწლიურია. ვიზიტების მიზანი საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და გაეროს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაა.

„ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტის დასამყარებლად, ასევე საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის შესახებ რიგი საკითხების განსახილველად“, – განაცხადა ურუგვაის ელჩმა გაეროში ელბიო როსელიმ.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე გუშინ ელჩებთან ერთად, საოკუპაზიო ხაზს ესტუმრა. იმნაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტებით, ელჩები საქართველოს მიღწევებსა და იმ გამოწვევებს ეცნობენიან, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

„ბუნებრივია, ასეთ დროს გვერდს ვერ აუვლი იმ პრობლემას, რომლის წინაშეც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ვდგავართ. დღეს ვიმყოფებოდით ხურვალეთში, სადაც ელჩებმა რუსული ოკუპაციის სახე თავად ნახეს “, – განაცხადა იმნაძემ.

9 მაისს გაეროს ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდნენ. მინისტრი მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რეფორმების დღის წესრიგზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი დიპლომატები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც შეხვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button