ახალი ამბები

თბილისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა 28 აპრილს საქართველოს სტუმრობს, სადაც უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ამის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღანელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მანამდე, კატრინ კოლონა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ესაუბრა. მანვე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრეზიდენტთან შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ „საქართველოსათვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და სწორედ ამის დამადასტურებელი იყო 7-8 მარტის აქციები“.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „დღეს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება და ამ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გეოპოლიტიკური კონტექსტიც – საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისვე ცნობით, მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხსა და ამ მიმართულებით შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც იმსჯელს, რა დროსაც აღნიშნეს, რომ „საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი სატრანზიტო – ენერგეტიკული კავშირების განვითარებაში“. „პრეზიდენტის განცხადებით, თუ საკითხს ისტორიული პერსპექტივით შევხედავთ, ის რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა და ევროპა უკვე წარმოდგენილია რეგიონის ქვეყნებში“.

ამავე ინფორმაციით, თავის მხრივ, კატრინ კოლონამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა. მანვე აღნიშნა, რომ „სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღრმისეულად პროევროპული ორიენტაციისაა და ვხედავთ თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშებს“. ,,საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა“, – ციტირებს პრეზიდენტის ადმინისტაცია საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს.

პრემიერთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კატრინ კოლონამ  საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მათვე ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. პრემიერმა აღნიშნა, რომ „საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გაწეულ უდიდეს ძალისხმევას“.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაზეც გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ამ მიმართულებით საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების ხელშეწყობას, ასევე კონსტრუქციული როლის შესრულებას, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით“.

ქართველ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენცია

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრეკონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ფრანგი კოლეგის დღევანდელი ვიზიტი „განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით. პირველ რიგში, ვიზიტი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მრავალგანზომილებიანი და მჭიდრო თანამშრომლობის გამოძახილია; ამასთან, ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა“.

მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების სიმტკიცე მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირზე, საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დამყარებული. ამ კუთხით მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მაღალი დონის სტრატეგიული ფორმატის „დიმიტრი ამილახვარის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც „ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, განათლების და კულტურის სფეროებში“.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე კოლეგებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრეს, რა დროსაც მან აღინშნა, რომ „საქართველოს მისწრაფება და ცივილიზაციური არჩევანი, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მტკიცეა და ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს“. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგულ მხარეს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ „საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, განაგრძობს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კონსოლიდირებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე“.

საგარეო უწყების ცნობით, პირისპირ შეხვედრის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ფრანგ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“. „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში“.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მრავალგანზომილებიანი ორმხრივი დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს, რა დროსაც „განსაკუთრებული აქცენტი“ საქართველო-საფრანგეთს შორის „სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გააკათეს. ილია დარჩიაშვილმა ფრანგ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

თავის მხრივ, კატრინ კოლონამ კოლეგას „თბილი მიღებისა“ და შეხვედრაზე განხილული საკითხებისადმი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა. მისი განმარტებით, სურდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჩამოსვლისთანავე შეხვედროდა, რადგან საქართველოს გაუმართლა, რომ აქვს დინამიკური, სერიოზული, მომთხოვნი  ორგანიზაციები. და ეს არის ის, რაც „თანაზიარია“  საფრანგეთისა და საქართველოსთვის. მისივე განცხადებით, რაც შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ, არის ის, რომ  ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის გასაძლიერებლად. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, უნდა მოვისმინოთ კრიტიკაც, რათა წინ წავიწიოთ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან  ინკლუზიური მუშაობა ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანია.

ამის შემდეგ კატრინ კოლონაც ხაზი გაუსვა, რომ იგი საქართველოსათვის მხარდამჭერი გზავნილების გადმოსაცემად ჩამოვიდა, განსაკუთრებით საერთაშორისოდ რთული კონტექსტი.  „ჩვენ გვსურს ამ ვიზიტით, ასევე, იმ ურთიერთობით, რომელიც  საქართველოსთან გვაკავშირებს, გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენი სუვერენიტეტის, თქვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“. მანვე უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს არ დაწყებულა 2022 წლის 24 თებერვალს, ის დაიწყო აქ,  2008 წელს. ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზგასმით აღნისნა, რომ „საქართველოს შეუძლია ჰქონდეს საფრანგეთის სოლიდარობის იმედი“.

ფრანგი მინისტრის თქმით, კოლეგებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზეც იმსჯელს. „როდესაც ჩამოვედი, დავინახე, რომ თბილისში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშაა გამოფენილი.  როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო გამოსვლები,  ასევე ვიცი, რომ  ქართველების 85% ემხრობა  საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. საქართველო  ერთიანია ამ საკითხში და ივნისში ერთსულოვნად დააფიქსირა, რომ მისი მომავალი  ევროპაშია. ჩვენ გვინდა  საქართველოს მომავალი იყოს ევროპული“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული საშუალება და „ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, რათა დავეხმაროთ მას ამ გზაზე“. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ აუცილებელია პროგრესი, წინსვლა. როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, როგორ უნდა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. მანვე ამ გზაზე ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებისა და იმ რეფორმების გატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისაგან, უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას, სამართლებრივი სახელმწიფოს კონსოლიდირებას. „მხოლოდ ამის შედეგად შეძლებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, იმიტომ რომ ეს არის ევროპული ღირებულებები“.

არასამთავრობოებთან შეხვედრა

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, კატრინ კოლონამ Twitter-ზე დაწერა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის „ქართული დემოკრატიის შეუცვლელი საყრდენი“.

შენიშვნა: კატრინ კოლონამ პრესკონფერენციაზე ფრანგულად ისაუბრა, რომლის ნათარგმნი ტექსტიც „სამოქალაქო საქართველოს“ საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button