ანალიზი

ამიხსენი | რატომ არის მნიშვნელოვანი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს „მნიშვნელოვანი კორუფციის“ ბრალდებით ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ოპოზიციამ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა გააჟღერა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მის შესაქმნელად საჭირო 50 ხმა აქვს, მმართველი უმრავლესობის ბოიკოტის გამო ამას ამ დრომდე ვერ ახერხებს. სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო უკვე მესამედ არ შედგა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა კენჭისყრის ჩატარებისთვის საჭირო რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

ქვემოთ ავხსნი რა სახის მექანიზმია საგამოძიებო კომისია და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კონკრეტულ საკითხზე მისი შექმნა.

როგორ იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია?

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად  30 დეპუტატის ინიციატივით შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით (მინიმუმ 50 დეპუტატი).

როგორ ეყრება ინიციატივას კენჭი?

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ანუ 76 დეპუტატი. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე გადადებულად ჩათვლის  კენჭისყრას და გამოაცხად შემდგომი კენჭისყრის თარიღს.

„ქართული ოცნება“ ამ ხერხით პარლამენტის რეგლამენტს იყენებს კონსტიტუციით გარანტირებული საზედამხედველო მექანიზმის შექმნისთვის თავის ასარიდებლად.

ოპოზიციის წარმომადგენლობა დროებით საგამოძიებო კომისიაში

  • დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
  • თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ არის უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი უმრავლესობის წევრი უნდა იყოს.
შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის შექმნა საპარლამენტო უმცირესობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მექანიზმია. კონსტიტუციით გარანტირებული ამ ზედამხედველობის ბერკეტის გამოსაყენებლად ოპოზიციისთვის ხელის შეშლა კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

რა ვადით იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია?

დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ვადა გახანგრძლივდეს თუმცა საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

რა საკითხზე შეიძლება შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია?

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთი საფუძველია ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.

რა უფლებამოსილება აქვს დროებით საგამოძიებო კომისიას?

  • დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
  • დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს.
  • დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია კონკრეტული დავალების შესასრულებლად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სხვა ორგანოთა, თანამშრომლები.
  • დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას საკითხი.
  • დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია პარლამენტს მიმართოს წინადადებით საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრისათვის პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვების შესახებ.

დასკვნა

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც ოპოზიციას აძლევს საშუალებას გავლენა მოახდინოს პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაში და უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება.

მისი ამოქმედება აჩვენებდა საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული გარიგებების, ზეწოლის ფაქტების და სისტემური პრობლემების შესწავლის ნებას/მზადყოფნას. მმართველი პარტიის არგუმენტი, რომ კომისიის შექმნის ინიციატივის შეფერხება ერთგვარი „სოლიდარობის აქტია“ ნაკლებად დამაჯერებელია.

კომისიის საკითხის ჩაგდება კანონის უზენაესობის პრინციპს ეჭქვეშ აყენებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ლეგიტიმურ პროცესს შეუძლებელს ხდის და სისტემური დარღვევების გამოვლენას უშლის ხელს.

ამასთან, საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების და  შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვების კონტექსტში, და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ოთხ ქართველ მოსამართლეზე სანქციების უპრეცედენტო შემოღების ფონზე, კომისიის შექმნაზე უარის თქმა სერიოზულად აზიანებს საქართველოს იმიჯს და ხელს არ უწყობს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარებას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button