Placeholder canvas
ახალი ამბები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 22 ივნისს რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „თანამშრომლობა საქართველოსთან“, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებული ვითარებაა შეფასებული.

რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 43-ე სესიის ფარგლებში მიიღო და მას 20 წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა წევრმა (კამერუნმა და ვენესუელამ) წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 24-მა თავი შეიკავა.

საბჭომ „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა რეზოლუციებში აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული დებულებები „არ განხორციელებულა“.

რეზოლუცია ასევე გამოხატავს შეშფოთებას გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უწყვეტი პროცესის გამო.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, ასევე  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კუთვნილი სახლების ნგრევის პრაქტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

საბჭო ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა გადაადგილების თავისუფლებაზე ცხინვალის და სოხუმის ხელისუფლებების მიერ მზარდი შეზღუდვების შემოღებით. „ამან ორივე რეგიონის მოსახლეობაზე სერიოზული გავლენა იქონია, ვინაიდან გაუარესდა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გაღრმავდა იზოლაცია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციის თანახმად, აფხაზეთის და ცხინვალის ხელისუფლება „კვლავ არ აძლევს საერთაშორისო და რეგიონულ დამკვირვებლებს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმებს“ ორივე რეგიონში შესვლის უფლებას.

დოკუმენტის დასასრულს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ხაზს უსვამს, რომ უმაღლესი კომისრის ოფისს ორივე ოკუპირებულ რეგიონში „დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი შესვლის უფლება“ უნდა მიეცეს.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რეზოლუციის მიღებას საქართველოს დიპლომატიური კორპუსის „კიდევ ერთი წარმატება და გამარჯვება“ უწოდა და აღნიშნა, რომ „რეზოლუციის წარმატებით კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  საკითხი არის  აქტუალური და საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად აქცევს ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button