skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო ნორვეგიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 28 მარტს ნორვეგიის ელჩი, ჰელენ სანდ ანდრესენი დაიბარეს და ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემაზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე ნორვეგიის ელჩის კომენტარზეც გაამახვილა ყურადღება.

„გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, – განაცხადა გუშინ ნორვეგიის ელჩმა, რომელსაც მხედველობაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ჰქონდა, სადაც მან სააკაშვილი ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შეადარა. ელჩის თქმით, ლინდებრეკეს სახელობის პრიზს ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველწლიურად გასცემს და ის არ ასახავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ნორვეგიის საელჩო თბილისში სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა და რომ ამის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

დღესვე, საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრამდე, ნორვეგიის საელჩოსთან მოქალაქეების ჯგუფმა, მათ შორის, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა და სხვებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ძალადობის მსხვერპლნი არიან, საპროტესტო აქცია გამართეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button