ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიკენ ვიტფელდი, საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში, 17 ოქტომბერს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
პრემიერთან შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მათვე მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისა და ინსტიტუციურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ანიკენ ვიტფელდმა ასევე აღნიშნეს, რომ „ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს“. აღნიშნულ კონტექსტში, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.
მანვე ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა
ილია დარჩიაშვილმა ნორვეგიელ კოლეგასთან ერთად საქართველოში ნორვეგიის საელჩო გახსნა. საელჩოს გახსნის ცერემონია საქართველოსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ემთხვევა.
ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, Twitter-ზე დაწერა, რომ ანიკენ ვიტფელდის თბილისში ვიზიტი საქართველოსა და ნორვეგიას შორის „ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა“.
მანვე დასძინა, რომ ვიზიტი „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე ძირითადი გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე“.
It was a pleasure to welcome my Norwegian colleague @AHuitfeldt on her visit to ??. This visit is yet another vivid demonstration of ??-?? strong partnership, especially important on the background of the major geopolitical shifts taking place across the region. pic.twitter.com/H7sqsrrrYm
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) October 17, 2022
თავის მხრივ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო ნორვეგიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და რომ თბილისში საელჩოს ოფიციალური გახსნა მათი პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.
„ჩვენ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარება გვსურს“, – დასძინა ნორვეგიის საგარეო უწყებამ.
Georgia is an important partner for Norway.⁰Today’s official opening of the embassy in #Tbilisi is clear message of our political support.⁰We want to develop bilateral relations based on common values.@mfagovge⁰@governmentgeo⁰@euingeorgia pic.twitter.com/nEm7NWYdDj
— Norway MFA (@NorwayMFA) October 17, 2022
შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორ ქვეყანას შორის „ნაყოფიერ თანამშრომლობას“ გაუსვა ხაზი, „რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“.
მხარეებმა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წევრობის პროცესიც მიმოიხილეს, ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია საქართველოსა და უკრაინის წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“.
Looking forward to further develop our bilateral relations (?? &??) based on common values: democracy, human rights, good governance, strong institutions & independent judiciary.
⁰Thank you for your warm reception to Georgia.⁰FM @AHuitfeldt
⁰@shpapuashvili⁰@Geoparliament pic.twitter.com/Nm3Qu65rFJ— Norway MFA (@NorwayMFA) October 17, 2022
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, თავის მხრივ მინისტრმა ვიტფელდმა დადებითად შეაფასა საქართველოს მონაწილეობა ნატოს ავღანეთის მისიაში და მადლიერება გამოხატა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესებში საქართველოს გამორჩეული წვლილისთვის.
მანვე დაადასტურა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას უმრავლესობის, საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)