ელჩი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საქართველოს პრემიერის კრიტიკას პასუხობს
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 23 მარტს, ჟურნალისტებთან საუბარისას საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშზე პრემიერის კრიტიკას უპასუხა. მანვე სამოქალაქო საზოგადოების როლსა და სხვა საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. აშშ-ის ელჩი ახალქალაქის საჯარო სკოლაში ამერიკული კუთხის გახსნას ესწრებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ მოხსენებებს აშშ-ში ათწლეულების განმავლობაში გამოსცემენ და რომ ისინი ასახავენ „პრობლემურ საკითხებს და არა პოლიტიკურ პარტიებსა თუ ინდივიდებს“. მან ანგარიშისთვის ინფორმაციის მოპოვების ინკლუზიურ პროცესსა და მოპოვებული ცნობების გადამოწმებაზეც ისაუბრა, რათა დამტკიცდეს მათი სანდოობა. „მე მოვუწოდებ ხალხს, დაუბრუნდნენ და წაიკითხონ წინა ანგარიშები, რადგან ისინი ორივე ტიპის ქრონიკაა – როგორც იმ სფეროების, სადაც გაუმჯობესებაა საჭირო, ისე [მიმართულებების], სადაც რეალური პროგრესი ჩანს“.
- 21/03/2023 – პრემიერი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „ელიტური ენჯეოების“ „უსამართლო დასკვნებს“ ეყრდნობა
კითხვაზე – „თუ რატომ წარადგენს „დემოკრატიულ სამიტზე“ საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და არა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი?“ – ელჩმა თქვა, რომ პრეზიდენტი „საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია“ და, რომ შარშანდელ სამიტსაც სწორედ ის დაესწრო, სადაც ყველა წარმომადგენელმა ქვეყანამ გარვეული ვალდებულებები აიღო. მან აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს ვალდებულებები სრულად მთავრობას ეხებოდა, რის გამოც „ასევე ჩანს მთავრობის მონაწილეობა იმ დღის წესრიგის შესრულებაში, რომელიც საქართველომ დაისახა დემოკრატიის გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით“.
კითხვაზე – „როგორ ფიქრობს, რატომ არ იყო დემონსტრაციები რეგიონებში თბილისში მარტის დასაწყისში გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად?“ – ელჩმა დეგნანმა უპასუხა, რომ მისი ინფორმაციიც ევროპული მისწრაფებების დემონსტრირებისთვის ხალხი ქუჩებში სხვა ქალაქებშიც გამოვიდნენ. „ვფიქრობ, იყო ძალიან მკაფიო დემონსტრირება ქართველი ხალხის მხრიდან, რომ მათ გააკეთეს მკაფიო, გადაწყვეტილი არჩევანი, რომ მათი გზა ევროპაა და ყველაფერი, რაც მათ ამ გზიდან აშორებს, რაც ყურადღებას უფანტავს ამ მიზნისგან, არ არის მისასალმებელი ქართველი ხალხისთვის“, – ხაზი გაუსვა აშშ-ის ელჩმა.
კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა რეგიონების მნიშვნელობა „იმ მდიდარი წვლილის გამო, რომელიც რეგიონებს შეუძლიათ შეიტანონ მთლიანად მთავრობის პოლიტიკაში“. „ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს სხვა მოქალაქეებს გააუმჯობესონ პირობები თავიანთ თემში. ეს ასეთი მარტივია. ესენი არიან ქართველები, რომლებიც ეხმარებიან [სხვა] ქართველებს და თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მხარი დაუჭიროს მათ გარკვეული ფინანსური დახმარებით ან ნებისმიერი სხვა სახის დახმარებით, ჩვენ ძალიან ვამაყობთ და სიამოვნებით ვაკეთებთ ამას“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ საქართველოს გარშემო მოგზაურობისას, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „ზოგიერთმა ძალიან აქტიურმა, ძალიან ძლიერმა, ძალიან ეფექტიანმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომელებიც მუშაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით“.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/03/2023 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ
- 21/03/2023 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს პოლიტიკოსები აფასებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)