Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 20 მარტს გამოქვეყნებულ 2022 წლის კრიტიკულ ანგარიშს ქართველ პოლიტიკოსთა გამოხმაურებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა განსხვავებულ პოზიციებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერმინისტრი: „… სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. „ელიტური ენჯეოების“, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც სამწუხაროა… ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ, ასე ვთქვათ მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილ დასკვნებს და ანგარიშს. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო…“.

ირაკლი კობახიძე – პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „… ყურადღებით გავეცნობით ანგარიშს, სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, მხედველობაში მივიღებთ. შეიძლება, იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. ამაზეც გვექნება შესაბამისი რეაქცია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლების აგენტები. შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე, რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები, ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორ, ასე ვთქვათ, ორი მიმართულებით განცხადებებს შორის, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება… რაც შეეხება ე.წ. პატიმრებს, რამდენადაც ვიცი, საუბარია იმაზე, რომ NGO-ების განცხადებების მიხედვით [მიხეილ] სააკაშვილი და [ნიკა] გვარამია პოლიტპატიმრები ყოფილან… ყველამ იცის, რომ სააკაშვილი სასჯელს ორი კონკრეტული ბრალისთვის იხდის… ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა არაობიექტურისგან“.

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ისეთი საკითხებია მოხვედრილი, რომლებიც ციტირებულია ქართული ენჯეო სექტორის, სახალხო დამცველისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ფრაზების, გამონათქვამების, პოლიტიკური შეფასებების [საფუძველზე]… ნამდვილად გვაქვს პრეტენზიები იმ ქართველებთან, თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ამ ქვეყანაში სხვადასხვა პოზიცია უკავიათ და სახელმწიფო დეპარტამენტს აწვდიან ინფორმაციებს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაშინ, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აბსოლუტურად საპირისპიროა დადგენილი. აი, ამ დილემის წინაშე ვართ ჩვენ ყველანი“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ბექა ლილუაშვილი – „საქართველოსთვის“: „სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება ჩვენი პარტნიორების შეფასებები, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, ნულოვანი რესურსი დაიტოვა ჩვენს პარტნიორებთან სასაუბროდ. მას ამოწურული აქვს ყველანაირი პოლიტიკური სივრცე, რომ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას“.

სალომე სამადაშვილი – „ლელო საქართველოსთვის: „… ასეთი ანგარიშის პირობებში, როდესაც ასეთი მძიმე შეფასებები კეთდება, შანსი იმის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუ ხელისუფლება ძალიან სწრაფად არ გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომელსაც ელოდება ევროკავშირი, არის მინიმალური“.

პაატა მანჯგალაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ამ ანგარიშშია საუბარი. [მაგალითად], ამ ანგარიშში არ მოხვედრილა ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღებას აპირებდა. ის, რომ ნიკა გვარამია, მედიამენეჯერი დაკავებულია, ასევე ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები ხორციელდება, მიუთითებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ გახდა ავტოკრატიული და ცდილობს საქართველო ევროპის ნაცვლად რუსეთს დაუახლოვოს“.

თეონა აქუბარდია – „რეფორმების ჯგუფი“: „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მთავარი ამოცანა არის, რომ ის გამოწვევები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანას ჰქონდა, ამაზე ყურადღება იყოს მიქცეული და გამოსწორებული. ამ ანგარიშში [მოხვედრილი] არის როგორც 5-6 ივლისის ორგანიზებული აგრესიული ძალადობა, რომელსაც არ ჰქონია შესაბამისი გამოძიება, ასევე ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები, აფგან მუხთარლის გატაცება და 2019 წლის ივლისის მოვლენები, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. შესაბამისად, ობიექტურად არის აღწერილი მთელი ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე ჰქონდათ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button