ახალი ამბები

პრემიერი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „ელიტური ენჯეოების“ „უსამართლო დასკვნებს“ ეყრდნობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 21 მარტს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშრებით მარნეულში სტუმრობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 20 მარტს გამოქვეყნებული 2022 წლის ანგარიში შეაფასა და თქვა, რომ „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. „ელიტური ენჯეოების“ მიერ“.

მისივე თქმით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები „არ შეესაბამება სიმართლეს“ და „ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ, ასე ვთქვათ მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილ დასკვნებს“. „ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო“, – დასძინა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

„10 წლის წინ, უფრო ადრეც, როცა მაგალითად ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედიათავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არც ერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია მოყვანილი, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა მან.

ამის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ვართ ღია დემოკრატია“, რასაც მისივე თქმით, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი, მათ შორის, კრიტიკული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა მათი ინფორმაციების 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი ცრუ ინფორმაციები“.

მისივე შეფასებით, აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ „ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელს მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჩვენი ხალხის ინტერესებში“. „ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება არასამთავრობო სექტორს, მედიასაშუალებებს, ყველას“.

„აი მაგალითად, თქვენ წარმოადგენთ „ტვ. პირველს“, რომელიც არის ძალიან კრიტიკული, ხშირად, უმეტესწილად, თქვენ არ ეყრდნობით ფაქტებს, არ ამოწმებთ ფაქტებს და ჩვენს საზოგადოებას ესაუბრებით ტყუილებით, ტყუილებს ავრცელებთ. მაგრამ ეს ნორმალურია. ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერც ერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ“, – მიმართა მან „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს.

ევროკავშირის ტერიტორიაზე „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებაზე ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ეს არის ორმაგი სტანდარტი“. „ჩვენ ამ პროცესს ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“, – აღნიშნა მან. „ჩვენი ხალხი ხედავთ და დაინახავს კიდევ უფრო მეტად რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან და ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მთელ ევროპაში ვითარდება“, – დასძინა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – „არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სამხედრო დამნაშავე, ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ“. „დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია“, – თქვა მან საპასუხოდ.

„ჩვენ დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button