ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი თბილისს სტუმრობს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს კლევერლი ოფიციალური ვიზიტით თბილისს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა, საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჯეიმს კლევერლი ცხინვალის საოკუპაციო ხაზსაც ეწვია.

პრემიერთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რა დროსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯეიმს კლევერლის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას უსვამს ხაზს.

მათვე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგზეც“ გაამახვილეს ყურადღება, რომელიც „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“.

„განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს კლევერლის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში მისი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ მათ „ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სტრატეგიული თანამშრომლობა“ იმსჯელეს, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზეა დაფუძნებული“.

„გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ხაზს უსვამს იმ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ემყარება და ადასტურებს საქართველოს მიმართ დიდი ბრიტანეთის უპირობო მხარდაჭერას“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა „ბრიტანეთის ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის და რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, ისევე როგორც ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში, ლონდონის მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მედეგობის გაძლიერების კუთხით“.

„ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში, მის საზღვრებს გარეთაც და ამიტომაც 2023 წელს სპეციალურად მორგებული პაკეტი შემუშავებულია საქართველოსთვის“, – განაცხადა თავის მხრივ ჯეიმს კლევერლიმ.

„თავდაცვის [სფეროში] ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა – „იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები, მოგიწოდეთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სიტემის დამოუკიდებლობასთან მიმართებით“.

არასამთავრობოებთან შეხვედრა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ თქვა, რომ კლევერლისთან შეხვედრაზე „დეტალურად“ ისაუბრეს თბილისში გასულ კვირაში განვითარებულ პროცესებზე, მათ შორის, „დააანონსებულ და ინიცირებულ ამ რუსულ კანონპროექტზე და გაწვევაზე“.

„ასევე, ზოგადად, ქვეყანაში, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის სივრცეზე, რამდენად ხდება ამ სივრცის შევიწროვება, თავდასხმები, მათ შორის პირადად ორგანიზაციებზე, პერსონებზე“, -და აღნიშნა მან და დასძინა – „მან ძალიან კარგად დაინახა, რომ მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები არავის მხარეს არ არიან და დგანან ქვეყნის დასავლური ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ ამიტომაც ხდება ჩვენზე თავდასხმა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე „ყველა მნიშვნელოვან“ თემაზე ისაუბრეს, მათ შორის, „მედიაში არსებულ მდგომარეობაზე, შეტევაზე, ნიკა გვარამიას საქმეზე… პოლიტიკურ პატიმრებზე“.

„საუბარი იყო იმ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ხელისუფლება ძალაუფლების კონცენტრირებისთვის იყენებს, ამ არაფორმალური მმართველობის განმტკიცებისთვის და ყველა კრიტიკული ხმის, იქნება ეს ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის თუ მედიის ჩასახშობად. ასევე, იმ შეტევებზე, რომლებიც შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს, რომელიც ჩანს მათ რიტორიკაში…. დემონიზება, საზოგადოების გაყოფა…“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button