ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფო რუსული კიბერსაფრთხისგან საქართველოს დასაცავად დამატებით თანხებს გამოყოფს 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც ნატოს სამიტის ფარგლებში მადრიდს სტუმრობდა, განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მომავალშიც 5 მილიონ გირვანქას გამოუყოფს საქართველოს რუსული კიბერსაფრთხის წინააღმდეგ თავდაცვითი შესაძლებლობების განსავითარებლად.

„ქართველი ხალხი ყოველდღე რუსული აგრესიის წინა ხაზზე ცხოვრობს“, – განაცხადა ჯონსონმა 29 ივნისს. მისი თქმით, პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, რომ საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები საკუთარი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენოს.

პრემიერმინისტრმა ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა „დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გაერთიანებულ სამეფოს და ყველა სხვა თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელთაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ“.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, „რუსეთი დიდი ხანია საქართველოს საკუთარი კიბერშესაძლებლობების გამოსაცდელ მოედნად იყენებს“. „ეს 2008 წელს დაიწყო, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კოორდინირებული კიბერთავდასხმა ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის შესარყევად იქნა გამოყენებული მაშინ, როდესაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ანექსია განახორციელა“.

ახალი დაფინანსება საშუალებას მისცემს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია განახორციელოს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები მათგან, ვინც საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების შერყევას ცდილობენ. „გაერთიანებული სამეფო უშუალოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან იმუშავებს, მათი კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია პრესრელიზში.

გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებას დაემატება დამატებითი პაკეტი ნატოსგან, როგორც ამაზე ლიდერები მადრიდში შეთანხმდნენ. დაფინანსება თავდაცვის სფეროში მომზადებას მოხმარდება.

გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2019 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის გამოაშკარავებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button