დაწურულადევროპა

ამიხსენი | “ლიბერალური ფაშიზმი”

მმართველი პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამომსვლელებს “ლიბერალურ ფაშიზმში” დასდო ბრალი. საიდან მოვიდა ეს გამოთქმა და რას ნიშნავს ის?

გამოთქმის დაბადება

ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი” რადიკალურ მემარჯვენე წრეებში ადრეც ტრიალებდა, თუმცა საჯარო პოპულარობა შესძინა ამერიკელმა მწერალმა, იონა გოლდბერგმა (Jonah Goldberg) გამოიყენა რა 2008 წელს გამოცემულ წიგნში “ლიბერალური ფაშიზმი: ამერიკული მემარცხენეობის გასაიდუმლოებული ისტორია მუსოლინიდან “ცვლილებების პოლიტიკამდე.” გოლდბერგის მტკიცებით, თანამედროვე ლიბერალიზმი ძველ, ფაშისტურ იდეოლოგიას იმით წააგავს, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტად სახელმწიფოს მოუხმობს, პირად თავისუფლებებს არად აგდებს და ძალისა თუ იძულების ხშირი გამოყენებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

ამ ტერმინმა აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. სხვადასხვა პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი მეცნიერები და ანალიტიკოსები დამაჯერებლად ასაბუთებენ, რომ გოლდბერგის შედარება კრიტიკას ვერ უძლებს. ის უგულვებელყოფს ფუნდამენტურ, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ განსხვავებებს ლიბერალიზმსა და ფაშიზმს შორის.

ისტორიკოსები იმაზეც მიუთითებენ, რომ ფაშისტური იდეოლოგიის რეჟიმები – მუსოლინის იტალია და ჰიტლერული გერმანია, აშკარად და ღიად ილაშქრებდნენ ლიბერალიზმისა და დემოკრატიის წინააღმდეგ და რომ ორივე ამ რეჟიმს არაფერი ჰქონა საერთო თანამედროვე ლიბერალიზმთან.

სინამდვილეში

ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი” ოქსიმორონია – დაპირისპირებულთა ერთობა – და ის არ ასახავს არანაირ რეალურ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მიძრაობას. “ლიბერალიზმი” და “ფაშიზმი” ორი, ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური ფილოსოფიაა.

ფაშიზმი ულტრა-მემარჯვენე, ავტორიტარული იდეოლოგიაა, რომლის მახასიათებლებია ექსტრემისტული ნაციონალიზმი, ტოტალიტარიანიზმი, პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების უკიდურესი შეზღუდვა. ლიბერალიზმი ცენტრისტული ან მემარცხენე-ცენტრისული იდეოლოგიააა, რომელიც პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიისა და საბაზრო კაპიტალიზმის ღირებულებებს ქადაგებს.

სინამდვილეში ამ ტერმინს რეალობასთან კავშირი არა აქვს – ის არანაირ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ფილოსოფიას ან მოძრაობას არ ასახავს. ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი,” როგორც წესი ოპონენტების დემონიზებისთვის გამოიყენება.

ვინ იყენებს ამ ტერმინს

დასავლეთში ტერმინს “ლიბერალური ფაშიზმი” ხშირად იყენებენ ე.წ. ალტ-მემარჯვენე რადიკალები, მაგალითად ულტრაკონსერვატორი გლენ ბეკი (Glenn Beck) ანდა გამოცემა ბრაიტბარტ ნიუსი (Breitbart news).

როგორც წესი, ამ იარლიყის მიკვრით, ისინი აკრიტიკებენ მთავრობების მხრიდან ზედმეტ რეგულირებას და ზედმეტ სახელმწიფო კონტროლს თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიებში, განსაკუთრებით, როცა საქმე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. მათ განსაკუთრებით რასისტული, გენდერულად დისკრიმინაციული და სხვა მსგავსი ტერმინოლოგიის საჯარო გამოყენების შეზღუდვები აწუხებთ.

რუსული კვალი

გოლდბერგის წიგნი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, სადაც “ლიბერალური ფაშიზმის” ცნებამ სახელმწიფო პროპაგანდაშიც შეაღწია. სწორედ “ლიბერალურ ფაშიზმს” უსახავენ რუსებს კრემლიდან მთავარ მოწინააღმდეგედ.

ამავე ლოგიკიდან გამომდინარეობს უკრაინის დადანაშაულებაც “ფაშიზმში” და მისი “დენაციფიკაციის” მოთხოვნა, რაც ომის დაწყების იდეოლოგიურ გამართლებად იქცა. ყოველივე ეს კარგად ჩანს ამ ვიდეოში.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button