Placeholder canvas
ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი: ხელთ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლითაც პასუხისგებაში მიცემაა შესაძლებელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 7 მარტს ბრიფინგი გამართა, სადაც პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას უპასუხა.

ნედ პრაისმა შეშფოთება გამოხატა კანონპროექტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც მთავარია საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და უფრო ნათელი მომავლისკენ.

„ის სტიგმატიზებას მოახდენს და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც არაფერი უნდათ გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლისა, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლისა, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქართველი ხალხისთვის, ასევე იმის გამო, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ საქართველოს პარტნიორია“.

„საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები მის გვერდითაა და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს“, – განაგრძო ნედ პრაისმა. “საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე ეს მისწრაფებები მხოლოდ წარმოსახვის დონეზე იყო. ზოგიერთ შემთხვევაში, ის მხოლოდ იდეის დონეზე იყო. ათწლეულების მანძილზე ქართველმა ხალხმა იმუშავა ამ მისწრაფებების რეალიზებისთვის. მათ უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში“.

„თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც უზარმაზარი უკუსვლა იქნება. ის იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის. ის იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, რომ კვლავაც იყოს ქართველი ხალხის პარტნიორი“, – განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ყველა, ვინც მხარი დაუჭირა კანონპროექტს, პასუხისმგებელია ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფთხრის შექმნაზე.

პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „საუკეთესო მაგალითი კონტრმაგალითია. ეს არის იმის მაგალითი, თუ რა ტიპის პარტნიორობა შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ ხალხთან და ქვეყნებთან, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ გააგრძელონ დემოკრატიის, დემოკრატიული რეფორმების, ევროპასთან და უფრო ფართო ევროატლანტიკურ რეგიონთან ინტეგრაციის გზა“.

„ვფიქრობ, საუკეთესო კონტრმაგალითია  აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან“, – განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ „შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას შესაძლოა ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი კანონი წინ წაიწევს“.

„საბოლოოდ, ეს იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოუსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის პოზიცია მკაფიოა. ზუსტად ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მკაფიო, ხმამაღალ ხმებს ახშობენ ცრემლსადენი გაზით, რათა ხელი შეუშალონ შეკრების თავისუფლების უფლების მშვიდობიანად გამოყენებას“.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და კანონპროექტის უკან მყოფი პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითვაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა: „როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე ან კომპანიებზე, რომლებიც, შესაძლოა, ექვემდებარებოდნენ აშშ-ის ან სხვა სანქციებს; თუმცა ჩვენ ხელთ გვაქვს რიგი ინსტრუმენტებისა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ პასუხისგებაში მივცეთ ნებისმიერი პირი ნებისმიერ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლებების ჩახშობაზე“.

„არსებობს უფლებამოსილებები, რომლებიც გაწერილია სხვადასხვა კანონში, აღმასრულებელ განკარგულებაში, რასაც ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ამ კონტექსტში. ამას ვაკეთებთ ნებისმიერ კონტექსტში, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც ქართველი ხალხი ელოდება და იმსახურებს უნივერსალური უფლებების თვალსაზრისით“, – განაცხადა პრაისმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button