პრეზიდენტმა „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტები გაეროს ტრიბუნიდან გააკრიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 6 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა. მან განსაკუთრებით აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების ტრანსფორმაციული ფუნქცია, რომლის შენარჩუნებაც აუცილებელია „რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი“.
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი „უცხოური აგენტის“ შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო“.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერაშსაც შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობაც განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, ალან ბერსესაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
2009 წლის მარტიდან შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს დიპლომატიურ ინტერესებს რუსეთში და პირიქით, რადგან საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაწყვიტა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/03/2023 – პრეზიდენტი: უნდა აიკრძალოს მათი საქმიანობა, ვინც კონსტიტუციურ ევრო-ატლნტიკურ გზას ეწინააღდეგება
- 27/02/2023 – საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა
- 20/02/2023 – პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
- 15/02/2023 – „ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა
- 02/03/2023 – „აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე 36 პირი დააკავეს
- 02/03/2023 – განახლება: პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)