ევროპამთავარი თემა

სერბეთი-კოსოვო, ნაბიჯი ურთიერთობების მოგვარებისკენ

რა მოხდა

ბრიუსელის შუამავლობთ, სერბეთის და კოსოვოს ლიდერები ურთიერთობების ნორმალიზაციის წინადადებათა პაკეტზე შეთანხმდნენ.  


გიორგი ბილანიშვილი საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველია


რატომაა ეს მნიშვნელოვანი

გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობები რამდენჯერმე გამწვავდა და შეირაღებული დაპირისპირების წკიპზე იყო იყო მისული. ბალკანეთში კონფლიქტის განახლება ევროპის ყურადღებას მიიპყრობდა და უკრაინის ფრონტზე უხერხულად გაჩხერილი მოსკოვისთვის ფრიად სასარგებლო იქნებოდა.

დააწკაპუნეთ კონფლიქტის წინაისტორიისთვის

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მის ყოფილ ტერიტორიაზე არაერთი შეირაღებული კონფლიქტი წარმოიშვა. მათ შორის, ყველაზე ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სწორედ კოსოვო იყო, რომელმაც დამუკიდებლობისკენ ისწრაფვოდა. სერბეთის მაშინდელი ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი ხისტი ძალის გამოყენებით ცდილობდა უმეტესად ალბანელებით დასახლებული კოსოვოს დამორჩილებას. სიტუაცია იმ დონეზე გამწვავდა, რომ 1999 წლის გაზაფხულზე კონფლიქტში ალბანელთა დასაცავად NATO ჩაერთო, რომელმაც 78 დღიანი საჰარეო კამპანიის დროს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადიც კი დაბომბა. 1999 წლის 3 ივნისს სერბული მხარე იძულებული გახდა დათანხმებოდა მის წინაშე წაყენებულ პირობებს, რომლის შემდეგაც NATO-ს სამხედრო კამპანია დასრულდა. 1999 წლის 10 ივნისს მიიღეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1244, რომელიც აღიარებდა იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა აწესებდა კოსოვოსათვის ფართო თვითმმართველობის შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას. ამავე დოკუმენტით კოსოვოში გაეროს დროებითი ადმინისტრაცია შეიქმნა და NATO-ს სამშვიდობო მისია ამოქმედდა.

დასავლეთის დიდი ქვეყნების და მაშინდელი დიდი რვიანის (რუსეთის ჩათვლით) მონაწილეობით იყო ფართო ავტონომიის ჩარჩოზე მორიგების მცდელობები, თუმცა მათ უშედეგოდ ჩაიარეს. 2000-იანი წლების დასაწყისისთვის, დასავლეთის ქვეყნები კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისაკენ სულ უფრო გადაიხარნენ. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოცხადა, რომელიც დღემდე მსოფლიოს 117 ქვეყანამ, მათ შორის დასავლეთის დიდმა ქვეყნებმა აღიარეს. თუმცა, ქვეყნების გარკვეული ნაწილი, მათ შორის, თავად სერბეთი, ასევე რუსეთი, ჩინეთი, ევროპის რამდენიმე ქვეყანა (ესპანეთი, სლოვაკია, საბერძნეთი, კვიპროსი და უნგრეთი), ასევე უკრაინა და საქართველო კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობენ.

დაძაბულობის ახალი ტალღა

2022 წლის მეორე ნახევრიდან  ვითარება კოსოვოში რამდენჯერმე მკვეთრად დაიძაბა. ამის მიზეზი თავიდან ის გარემოება გახდა, რომ ოფიციალურმა პრიშტინამ კოსოვოს სერბულ უმცირესობას მოსთხოვა სტატუს ნეიტრალურად მიჩნეული KS აღნიშვნის მქონე საავტომობილო სანომრე ნიშნები RKS-ით (კოსოვოს რესპუბლიკა) ჩაენაცვლებინა. ამის საპასუხოდ, ივლისში, კოსოვოს ჩრდილოეთში კომპაქტურად მცხოვრებმა სერბულმა უმცირესობამ საგზაო მაგისტრალები გადაკეტა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

ნოემბერში სერბული უმცირესობის წარმომადგენლებმა, რომელებიც კოსოვოს პარლამენტსა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში საქმიანობდნენ, პროტესტის ნიშნად თავიანთი თანამდებობები დატოვეს. მათ შორის, პოსტიდან გადადგა კოსოვოს ეთნიკური სერბების ყველაზე დიდი პარტიის „Srpska Lista“-ს ლიდერი გორან რაკიჩი, რომელიც თემთა და რეპატრიანტთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამას სერბული უმცირესობის მორიგი აქციები მოყვა.

სიტუაცია უკიდურესად დეკემბერში დაიძაბა, როდესაც პრიშტინამ კოსოვოს ჩრდილოეთში სერბებით დასახლებულ რეგიონში არჩვენების ჩატარება განიზრახა, რის წინააღმდეგაც  სერბებმა ბარიკადები მოაწყვეს და საგზაო მაგისტრალები გადაკეტეს. ამ დროს, სერბეთმა საკუთარი სამხედრო ძალები სულაც საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, რადგან როგორც ოფიციალური ბელგრადი აცხადებდა, პრიშტინა სერბული უმცირესობის წინააღმდეგ ძალისმიერი ღონისძიებების გატარებას აპირებდა. 

დასავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი ევროკავშირმა ყველა ამ შემთხვევაში სიტუაციის განსამუხტად დიდი ძალისხმევა გაწიეს და ეს წარმატებით მოახერხეს კიდეც. თუმცა, მთავარი კრიზისის დროებითი განმუხტვა არ იყო. უფრო მნიშვნელოვანი მხარეებს შორის დიალოგის დაწყების ხელშეწყობა გახლდათ, რომლის ფარგლებშიც დაპირსპირებული მხარეები სადავო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევდნენ.

ურთიერთობათა ნორმალიზების ახალი პაკეტი

ევროკავშირის ძალისხმევის ფარგლებში შედგა სერბეთის და კოსოვოს ლიდერების შეხვედრა 27 თებერვალს ბრიუსელში, სადაც ისინი ურთიერთობების ნორმალიზაციის წინადადებათა პაკეტზე შეთანხმდნენ.     

ბელგრადი-პრიშტინას დიალოგის ფარგლებში წარმოდგენილი ევროკავშირის წინადადებათა პაკეტი, რომელიც სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას  ემსახურება  11 პუნქტისაგან შედგება. მათ შორის ასახულია ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • მხარეების (სერბეთი და კოსოვო) მიერ ერთმანეთის ოფიციალური დოკუმენტებისა და სიმბოლიკის აღიარება;
  • მხარეების მიერ გაეროს წესდების მიზნებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით მათი, რომელიც ეხმიანება ყველა ქვეყნის თანასწორობას, დამოუკიდებლობისადმი, ავტონომიურობისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი   პატივისცემას, კონფლიქტებისა და სადავო საკითხების მშვიდობიან გადაწყვეტას;
  • არცერთი მხარე არ შეეწინააღმდეგება რომელიმე მხარის პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სერბეთი არ შეეწინააღმდეგება კოსოვოს გაწევრიანებას რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში;
  • ორივე მხარე პასუხისმგებლობას იღებს, რომ შექმნის პირობებსა და გარანტიებს კოსოვოს სერბული უმცირესობის თვითმმართველობის უზრუნველყოფისთვის;  
  • მხარეები ჩამოაყალიბებენ ერთობლივ კომიტეტს, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეობით მოახდენს ამ შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. 

რას უნდა ველოდეთ მომავალში

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერების შემდეგი შეხვედრა 18 მარტს არის დაგეგმილი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მხარეებს შორის მომავალში გასამართი მოლაპარაკებების დროს უნდა გადაწყდეს მიღწეული შეთანხმების კონკრეტული პირობების შესრულების მოდალობები.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ თანდართული დოკუმენტი, რომელიც სამომავლო ნაბიჯების დეტალებსა და სხვადასხვა სადავო საკითხებს მოიცავდა 27 თებერვალს შეთანხმებული წინადადებათა პაკეტის განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასზე შეთანხმება მხარეებმა ამჯერად ვერ შეძლეს.

როგორც ჩანს, ასეთი შეთანხმების წინააღმდეგი სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი იყო, რომელიც მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაშია ვიდრე მისი კოსოვოელი პარტნიორი მოლაპარაკებებში.

ვითარება სერბეთში

27 თებერვლის შეხვედრამდე, სერბეთის ოპოზიციის ნაწილი მისგან სულაც ღიად ითხოვდა, რომ არანაირ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა, უკრაინაში ომის დასრულებამდე. ითვლება, რომ ოპოზიციის პრო-რუსულად და რადიკალურად განწყობილ ნაწილს კავშირი აქვს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერთან.”

რა გასაკვირია, რომ მათი ეს მოთხოვნა თანხვედრაში იყო მანამდე სერბეთში რუსეთის ელჩის მიერ გაჟღერებულ პოზიციასთან, რომლის თანახმად კოსოვოს საკითხი „სხვა გეოპოლიტიკურ გარემოსი უნდა გადაწყდეს, მაშინ როდესაც უკრაინაში დასავლეთთან კონფლიქტი დასრულდება, რომელშიც რუსეთი აუცილებლად გაიმარჯვებს“. 

სერბული საზოგადოება რუსეთის  მიმართ სიმპათიით ტრადიციულად გამოირჩევა და ეს არც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეცვლილა. ბოლო ხანებში ბელგრადში თვალშისაცემად იმატა მდიდარი და საშუალო კლასის რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ. სერბეთი ხომ იმ არცთუ მრავალრიცხოვანი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც რუსეთთან სავიზო რეჟიმი არ გააჩნია და ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა აქვს.  

მსგავსი/Related

Back to top button