მოსაზრებაწერილები

მოსაზრება | სად ვართ: ოლიგარქია ქართული ცხოვრების წესის წინააღმდეგ

ჯაბა დევდარიანი “სამოქალაქო საქართველოს” სარედაქციო საბჭოს წევრია.


მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებელობა ხელახლა მოიპოვა და მეტნაკლებად დემოკრატიულ ქვეყანად გაფორმდა, 32 წელი გავიდა. ამ დამოუკიდებლობის პირველივე, ძალიან მძიმე ათწლეულში შეიქმნა საქართველოში ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან სახელმწიფოს პირდაპირი კონტროლის ქვეშ და სახელმწიფოსადმი მხოლოდ საგადასახადო ანგარიშვალდებულება აკისრიათ.

ჩვენ მათ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით ვიცნობთ, ოღონდ ამ ტერმინის მიღმა მარტივი რამაა – ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან საერთო, არამომგებიანი მიზნებისთვის ისე, რომ სახელმწიფოს ამ საქმეში ხელი არ ჰქონდეს და მას არც არაფერი მოსთხოვონ.

მოქალაქეების დამოუკიდებელი გაერთიანებების თავისუფალი არსებობა ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მონაპოვარია. თუკი ამგვარი გაერთიანებები და დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველო თითქმის ერთი ხნისა არიან, დასკვნა მარტივია – არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებრივი ცხოვრების წესია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე ამ წესით ცხოვრობს, თუმცა ამგვარი გაერთიანებების არსებობისაგან – ხშირად გაუცნობიერებლად – ბევრი იღებს სარგებელს.

სწორედ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ცხოვრების წესის წინააღმდეგ ილაშქრებს დღეს ასე უხეშად საქართველოს მმართველი უმრავლესობა და მთავრობა. თუკი მათი ხედვა განხორციელდა, საქართველოში აღარ იარსებობებს ორგანიზაციები, რომლებიც მთავრობის კონტროლს აღარ დაექვემდებარება.

როგორ?! ნუთუ რაიმე ორგანიზაცია სახელმწიფოს კონტროლს არ უნდა ექვემდებარებოდესო, იკითხავს მავანი. ჰოდა, დავაზუსტოთ, რომ სახელმწიფოსადმი ანგარიშვალდებულება (მაგალითად საგადასახადო) და მთავრობის, მით უმეტეს მმართველი პარტიის მხრიდან არსობრივი გაკონტროლება სხვადასხვა რამეა.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული სახელმწიფოს თანდაყოლილი დაავადებაა სახელმწიფოს (ინსტიტუტების) გაიგივება მთავრობასთან (არჩეულ, დროებით მმართველ გუნდთან). ამის თანამდევი პრობლემაა მმართველი პარტიისა და სახელმწიფო აპარატის ურთიერთშეზრდა, რომელიც ამ ბოლო ათწლეულში კიდევ უფრო გამძაფრდა. ჩვენი დემოკრატიის ეს დეფექტები კი მოცემულ ვითარებაში იმით აისახება, რომ ამ კანონის განხორციელებით აღარ იარსებებს ორგანიზაციები, რომლებიც მმართველი პარტიის კონტროლს აღარ დაექვემდებარება.

რა სახის კონტროლზეა საუბარი?

აი, მოვედით ზუსტად დასავლეთთან და დასავლელ “დონორებთან” ანუ ამ დამოუკიდებელი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებთან. საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამოუკიდებლობას სწორედ ის განაპირობებს, რომ ისინი სამთავრობო ბაგაზე არ არიან მიბმული.

ყველა ქართველმა, ვისაც ბიზნესი ჰქონია ან სამთავრობო სტრუქტურების დაფინანსებით უმუშავია იცის, რომ სამთავრობო დაფინანსებაზე მიბმა დიდი ალბათობით ნიშნავს მათ საქმიანობაში არსებით ჩარევასთან შეგუებას – ჩინოვნიკურ ანდა პოლიტიკურ კაპრიზებზე მორგებას, კონკრეტული ადამიანების დასაქმების მოთხოვნას ან სხვა ადამიანების დასაქმებაზე უარს, ზოგჯერ კორუფციული ან სხვა სახის გარიგებების მოთხოვნას. უცხოური დაფინანსება ორგანიზაციებს ამგვარი ჩარევისაგან იცავს.

ამიტომაც, ამ კანონის ნესტარი თითქოს უცხოური დაფინანსების თავად არსებობის წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა, თუკი ჩავუღრმავდებით, საქმე მთლად ასე მარტივად არაა. მოდით, შემოთავაზებული კანონის ავტორების მოტივაციის ორ შრეს შევხედოთ: იდეოლოგიურსა და მერკანტილურ/ფინანსურს.

პირველი, იდეოლოგიური, შრეა ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების უარყოფა, რასაც მმართელი უმრავლესობის ე.წ. “ხალხის ძალის” დაჯგუფება ამბობს ღიად, ხოლო “ქართული ოცნების” ლიდერები სულ უფრო ნაკლებშენიღბულად. აშკარაა, რომ ყველა ის მოდელი, რომელზეც კანონის ინიციატორები მიუთითებენ (ამერიკული FARA) ან კავშირს უარყოფენ (რუსული და უნგრული კანონები) მიმართულია სწორედ მტრული გავლენის შეზღუდვისკენ. ამდენად, სადავო არაა, რომ ინიციატივის იდეოლოგიური საყრდენი სწორედ დასავლური გავლენის მტრულ გავლენად აღქმაა.

დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიებთან ღირებულებითი, პოლიტიკური და სამართლებრივი ერთობა რომ ჩვენთვის არათუ მტრული აზრი, სანუკვარი ამოცანაა, ამას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს გაცხადებული კურსი, რომ გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს ალიანსის წევრი, პარტნიორ ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებების უმრავლესობა და მთავრობის მიერ დადებული ის კონკრეტული ხელშეკრულებებიც, რომლებითაც დონორები აფინანსებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე მთავრობასაც. ამიტომაც, ამ კანონის მიღება და განხორციელება ბუნებრივად გულისხმობს ამ კურსის ღალატს და ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას.

მეორე შრეზე შედარებით ნაკლებად ვსაუბრობთ ხოლმე, თუმცა ის აშკარაა – ესაა მერკანტილური, ფინანსური შრე. შემთხვევითი არაა, რომ კანონპროექტის დაფარვის ველიდან პირდაპირაა ამორიცხული სამთავრობო სააგენტოები და უწყებები, რომელთა დიდი ნაწილი დაფინანსებას სწორედ იმავე წყაროებიდან იღებს, რომლიდანაც არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისე გამოდის – და მმართველი პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ეს პირდაპირაც განაცხადა – რომ “იდეოლოგიურად უცხო” დონორების ფული “გაკეთილშობილდება,” თუკი ის გაივილის სამთავრობო ფილტრს. ანუ, მარტივი ენით, საუბარია მმართველი პარტიის მხრიდან – მთავრობის ხელით – დასავლური ფინანსური ნაკადების კონტროლის ხელში ჩაგდებაზე.

ფინანსური ნაკადების კონტროლი ოლიგარქიული მმართველობის და, განსაკუთრებით, მისი რუსული მოდელის, საკვანძო ელემენტია. განსხვავებით იდეოლოგიური ავტორიტარული მოდელებისაგან, სწორედ ფინანსური ნაკადებისა და ამ ნაკადებით საზოგადოების კონტროლზეა დამყარებული ოლიგარქიული პატრონ-ყმობის სისტემა.

ვითარებაში, როცა ბიზნესსექტორში ვითარება ოლიგარქიულ სისტემას მთლიანად ექვემდებარება, ეროვნული დაფარვის მედიაზე ეფექტური კონტროლი უკვე დამყარდა, ხოლო სასამართლოს გაუვნებელყოფა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება ფაქტიურად დასრულებულია, არასამთავრობო ორგანიზაციები და არასამთავრობო მედია ორგანიზების ის ინსტიტუციური ფორმებია, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ფინანსურ დამოუკიდებლობას მთავრობისაგან და მმართველი პარტიისაგან.

შედარებით პროფესიული კადრებით, საერთაშორისო კონტაქტებით და საინფორმაციო საშუალებებით აღჭურვილი ინსტიტუციურად და ფინანსურად დამოუკიდებელი სექტორი – რაც არ უნდა დაქსაქსული იყოს ის, მისი ბუნებიდან გამომდინარე – შინაპოლიტიკურ გამღიზიენებელს წარმოადგენს. თუმცა მისგან მომდინარე მთავარი საფრთხე უფრო საგარეოა.

ოლიგარქიისათვის რთული არაა მოცემული მომენტისათვის მომგებიანი იდეოლოგიური ნიღბის მორგება, თუმცა მთავარი ფულია, რომელიც გავლენას უტოლდება. რატომ უნდა დახარჯოს ოლიგარქმა “თავისი” რესურსები, როცა შეიძლება გარე რესურსის გამოყენება ოლიგარქიული სისტემის საკვებად? მმართველი პარტია წინააღმდეგი არ იქნება თავად აიღოს იმ “ბილწი დონორების” ფული და მერე იმას დაურიგოს, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ეგებ ამაზე მიუთითა პარტიის სპოუკსმენმა მამუკა მდინარაძემ, როცა განაცხადა, რომ გარკვეული შეღავათები იქნება და “ორი კაპიკის გაკეთების” საშუალება “ხალხს” მიეცემა.

დემოკრატიული აქტორებიდან მომდინარე ფინანსური ნაკადების ანტილიბერალური სისტემებისკენ ამგვარი “გადაქაჩვის” მაგალითი ევროპაში არსებობს: ევროკავშირთან იდეოლოგიურად მკვეთრად დაპირისპირებული ვიქტორ ორბანიც და იდეოლოგიურად უფრო ნეიტრალური ჩეხი ოლიგარქი ვიქტორ ბაბიშიც ევროკავშირის სუბსიდიებით კვებავდნენ საკუთარ ოლიგარქიულ იმპერიებს.

ამგვარად, “აგენტების” კანონის მიღებით ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების წინაშე დგას ორი საფრთხე:

  • პირველი და ყველაზე აშკარაა იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი უარი ლიბერალური დემოკრატიის პროექტს, რაც ქვეყნის შიგნით კონსტიტუციური გადატრიალების ტოლფასია, საერთაშორისო დონეზე კი ნიშნავს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე, უნიკალური მომენტის ხელიდან გაშვებას.
  • მეორე, და უფრო სიღრმისეულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტების სრული დატუსაღება ოლიგარქიული პარტიის მიერ და საერთაშორისო ფინანსური ნაკადების ჩართვა ამ პარტიის მკვებავ წრედში.

ორივე ამ ელემენტის გაცნობიერებაა აუცილებელი იმისთვის, რომ ინიციატივისადმი წინააღმდეგობის სწორი ტაქტიკა ავირჩიოთ და, მაგალითისთვის, ინიციატორების იდეოლოგიური უკანდახევის ფასად, ოლიგარქს დასავლური ფინანსური ნაკადები საკუთარი ხელით არ ჩავაბაროთ.

მთავარი დასკვნა კი ასეთია – მთავრობისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოხრჩობა და ამ სექტორის ოლიგარქიული სისტემის ხელში გადასვლა დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრების დამკვიდრებულ წესს ებრძვის და აუქმებს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button