ახალი ამბები

„სოც. სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების პრობლემებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ უკრაინელი ლტოლვილების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 24 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ მიმართ „სახელმწიფო პოლიტიკა ფრაგმენტული და სუსტია“.

უკრაინელი ლტოლვილების სოციალური გამოცდილებები

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საქართველოში შემოსული და გასული უკრაინელი ლტოლვილების შესახებ სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკა არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 25 402 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მყოფი ლტოლვილების 69%-ს უმაღლესი განათლება აქვთ, მათ დიდ ნაწილს (84%) ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება. თუმცა, მათგან აქ მხოლოდ 20% – ია დასაქმებული, 58%-ს დასაქმების სურვილი აქვს, „თუმცა ამ კუთხით სპეციალური სახელმწიფო დახმარების პროგრამა არ არსებობს“.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინელი ლტოლვილებისთვის ყველაზე მძიმე გამოწვევა საცხოვრებელს უკავშირდება. კერძოდ, ბინებზე გაზრდილი ქირის საფასურისა და სხვა მიზეზების გამო მათ საცხოვრებელი ფართების დაქირავება უჭირთ.

ამასთან, „World Vision-ის“ მონაცემებზე დაყრდნობით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ამბობს, რომ უკრაინელი ლტოლვილების 35%-ს საბაზისო მოთხოვნილებებისთვის ფული არ აქვს, 19 %-ს წვდომა წყალსა და საკვებზე არ აქვს, 16 %-ს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, 14% კი – არ აქვს რესურსი სამედიცინო საჭიროებებისთვის.

ამ კონტექსტში, დოკუმენტში საქართველოში 2022 წლის მარტი-ივლისის თვეში შემოსული უკრაინელი ლტოლვილი ოჯახებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ ამოქმედებულ ფინანსური დახმარების პროგრამაზეც არის ყურადღება გამახვილებული, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ ამ პროგრამით სარგებლობას ქვეყანაში 15 ივლისის შემდეგ შემოსული უკრაინელები ვერ ახერხებენ. „რაც პოლიტიკის ფრაგმენტულობას და უსამართლობას აჩვენებს“.

დოკუმენტებთან და ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებული პრობლემები

ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში საქართველოში ბევრი უკრაინელი პირადი დოკუმენტების გარეშე შემოვიდა, რის გამოც ისინი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით ვერ სარგებლობენ. „ეს რეალობა ართულებს 1 წლის გასვლის შემდეგ საქართველოში ლეგალურად ყოფნის გაგრძელების შესაძლებლობებს“.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 1 თებერვლიდან 1 ნოემბრამდე საქართველოში რეგულარულად მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებზე ყველა ძირითადი სამედიცინო პროგრამა ვრცელდება, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს სერვისები ლტოლვილების სხვა ჯგუფებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, „რაც მათ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვებათ“.

„უმძიმესია ლტოლვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ლტოლვილებს სჭირდებათ ფსიქო-სოციალური დახმარება ომის ტრავმების დასაძლევად და ინტეგრაციისთვის. ამჟამად ზოგიერთ უკრაინელს მსგავსი სერვისების მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე საერთოდ არ აქვს წვდომა და შესაძლებელია, ვერც კი გააცნობიერონ მისი საჭიროება“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული „მნიშვნელოვანი“ დახმარებისა, „აშკარაა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ერთიანი სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა, რომელიც [მათ] ძირეულ საჭიროებებს მდგრადად, ყოველისმომცველად და ადეკვატურად უპასუხებდა“.

რეკომენდაციები

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • შეიმუშავოს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის ერთიანი და კოორდინირებული სამოქმედო გეგმა. შექმნას ერთიანი საინფორმაციო პორტალი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე.
  • დაიწყოს საქართველოში შემოსული, გასული და აქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების სტატისტიკის წარმოება.
  • უკრაინელი ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი პოლიტიკა გახადოს მდგრადი და გაითვალისწინოს მათი საჭიროებები და ინტერესები. უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გახადოს ყოვლისმომცველი და სხვ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button