ახალი ამბები

საქართველომ საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი გამოსცადა


ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო.

10 აპრილს საქართველომ წარმოადგინა საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის საცდელ ფრენას პრეზიდენტი სააკაშვილი დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  აპატარის ფრენის ხანგრძლივობა 8 საათია, ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი, ხოლო სიჩქარე 60-160 კმ/სთ–ია. მისი აფრენა ხორციელდება პნევმატური კატაპულტის მეშვეობით.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორკამერიანი ვიდეოპლატფორმით, ფოტოკამერით, თერმული კამერით და ინფრაწითელი კამერით აღჭურვილი საფრენი აპარატის გამოყენება შესაძლებელია დაზვერვის, თვალთვალის, სასაზღვრო პატრულირების, სანაპირო დაცვის და ასევე სამოქალაქო მიზნებისთვის.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატის მიწაზე დაშვებისას იხსნება პარაშუტი და ამავე დროს იბერება უსაფრთხოების ბალიში დაზიანების შემსუბუქების მიზნით.


ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო.

საქართველო უპილოტო მზვერავ საფრენ აპარატებს ისრაელის კომპანია Elbit Systems-ისგან ყიდულობდა 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 2008 წლის აპრილში, რომ საქართველოს, დაახლოებით, 40 საფრენი აპარატი ჰქონდა, მათ შორის საშუალო ზომის Hermes 450 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ფრენის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 20 საათია.   

2011 წლის აპრილში Elbit Systems–მა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას უჩიოდა, რადგან, 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, დაახლოებით, 100 მილიონ დოლარი ვერ მიიღო ქართული მხარისაგან. 2011 დეკემბრის ბოლოს  Elbit Systems–მა და საქართველომ დავა შეთანხმების ხელმოწერის გზით მოაგვარეს, რომლის თანახმადაც, საქართველო კომპანიისთვის 35 მლნ აშშ დოლარის გადახდას და შეძენილი ტექნიკის ნაწილის უკან დაბრუნებას დათანხმდა.


ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი დაშვების დროს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო

„როცა უცხოეთში ყიდულობ, შეიძლება გამყიდველმა ბოლომდე არ მოგცეს ტექნოლოგია ანდა პირიქით შენი ტექნოლოგია გაუზიაროს მოწინააღმდეგეს“, – განაცხადა სააკაშვილმა საფრენი აპარატის პრეზენტაციაზე, „ამას ვერავინ ვერავის ვერ გაუზიარებს, ეს ჩვენია… სხვებზე აღარ ვართ დამოკიდებული“.

პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მეორედ ახსენებს ინფორმაციის მესამე მხარისთვის გადაცემის საკითხს. მარტის დასაწყისში  ქართული წარმოების ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის პრეზენტაციაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი სამხედრო წარმოების შემთხვევაში, „აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც მოგატყუოს ან ვიღაცამ ინფორმაცია სხვას არ გაუზიაროს“.

მართალია სააკაშვილს არც ერთ თავის კომენტარში არ დაუკონკრეტებია, თუ  რომელ შემთხვევას გულისხმობდა, თუმცა მისი ეს განცხადებები ეხმიანება იმ ბრალდებებს, რომელთა შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც WikiLeaks-მა ჰაკერების მიერ მოპოვებული ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის ელექტრონული წერილების გამოქვეყნება დაიწყო.


სამხედრო ფორმაში ჩაცმული პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ექვსი წლის ვაჟი ნიკოლოზი 10 აპრილს ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის პრეზენტაციაზე; მარცხნივ ჩანს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო

ერთ–ერთი ასეთი წერილის თანახმად, რომელიც 2009 წლის თებერვლით თარიღდება, წყარომ Stratfor-ის უფროსს ანალიტიკოსს განუცხადა, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც საქართველომ ისრაელისგან შეიძინა, მას შემდეგ შეექმნა საფრთხე, რაც ისრაელმა და რუსეთმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალეს, კერძოდ კი, ისრაელმა რუსეთს ამ უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა, რაც მათი მართვის სისტემაში შეღწევადობას უზრუნველყოფდა; საპასუხოდ კი რუსეთმა ისრაელს ირანის Tor-M1–ის კოდები გადასცა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე საუბრისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართველი ინჟინრები ქართული უპილოტო საფრენი აპარატის შექმნაზე ბოლო 18 თვე მუშაობდნენ და რომ მომდევნო წელიწადნახევარში აპარატი კიდევ უფრო დაიხვეწება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button