ახალი ამბები

სუამის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოფორმატში შეიკრიბნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 20 დეკემბერს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-40 სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.

სხდომას მოლდოვის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, ნიკუ პოპესკუ თავმჯდომარეობდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება; აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელნურ მამადოვი და სუამის გენერალურ მდივანი, ალთაი ეფენდიევი.

სუამის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, საბჭომ განიხილა სუამ-ის ფორმატში პოლიტიკური ურთიერთქმედების საკითხები, ასევე სუამ-ის ფარგლებში პარლამენტთაშორისი, სექტორული თანამშრომლობა და პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სუამის სამდივნოს გამორჩეული წვლილი ორგანიზაციის უწყვეტი ფუნქციონირებისა და სუამის სამუშაო ჯგუფების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფის საქმეში.

მათვე, არსებული გამოწვევების ფონზე ყურადღება გაამახვილეს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში სუამის წევრი ქვეყნების კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე. „განსაკუთრებით ხაზი გაესვა ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა (connectivity) და ენერგეტიკის სფეროების პრიორიტეტულობას და სუამის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა 2023-2024 წლებისთვის სუამის სამუშაო ჯგუფების კოორდინატორი ქვეყნები დაამტკიცეს და 2023 წელს თავმჯდომარეობის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მიუხედავად, მისი ქვეყანა 2023 წელს ორგანიზაციის პროდუქტიული თავმჯდომარეობისთვის მზად არის.

დმიტრო კულებამ უკრაინის თავმჯდომარეობის ხუთი პრიორიტეტიც დაასახელა. მათ შორისაა – სუამ-ის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და ვაჭრობის განვითარება ევროპულ და აზიურ ბაზრებს შორის; წინსვლა თავისუფალი სავაჭრო ზონის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; ევროკომისიასთან თანამშრომლობა სუამ-ის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით; საბაჟო პროცედურების გამარტივება და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში ტრანსპორტირების დოკუმენტების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ, რომ რუსულ ენას ჩამოერთვას სუამის ოფიციალური და სამუშაო ენის სტატუსი.

სუამი 1997 წელს ჩამოყალიბდა და მის შემადგენლობაში აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შედიან. მისი წევრები ძირითადად „გაყინულ კონფლიქტებზე“ და იმ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც გაერთიანების წევრ ქვეყნებს რუსეთის გვერდის ავლით ევროპულ ბაზართან აკავშირებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button