ახალი ამბები

პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სტრასბურგში დავა მოიგეს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 15 დეკემბერს გადაწყვეტილება იმ აქტივისტების სასარგებლოდ გამოიტანა, რომლებიც მრავალმილიონიანი პროექტის „პანორამა თბილისის“ ფარგლებში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემას აპროტესტებდნენ.  

„ფერაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის მოსარჩელეები ამტკიცებდნენ და სასამართლო დაეთანხმა, რომ მათი დაკავება აქციის დროს და მათთვის ჯარიმების დაკისრება წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევას.  

გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ საქართველოს თითოეული მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 40 ევროს (მათზე დაკისრებული 100 ლარიანი ჯარიმის ოდენობა), ხოლო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 000 ევროს გადახდა დააკისრა.  

პროტესტის წინა პერიოდი

2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, რომელიც პროექტ „პანორამა თბილისის“ ინიციატორია, განაცხადა, რომ სოლოლაკის მაღლობებზე ოთხი ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. ამ გეგმებს მწვავე კრიტიკა მოყვა იმ მოტივით, რომ სამშენებლო სამუშაოები ძველი თბილისს ლანდშაფტს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა. ოპონენტები ასევე აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვა.

სტრასბურგის სასამართლოში საქმის აღძვრას წინ უძღოდა 2015 წლის პროტესტი „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ, რომელიც თბილისის მერიის წინ ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფონზე გაიმართა. აქციის ორგანიზატორს და ერთ-ერთი მოსარჩელეს პოლიციის თანამშრომელმა თავიდანვე მოუწოდა მშვიდობიანი ქცევისკენ და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებაც გააფრთხილა.

თუმცა, პოლიციის ყურადღება მეორე მოსარჩელემ მიიპყრო, როდესაც მან მერიისა და ოლიმპიური ცეცხლის მიმართულებით უხამსი წარწერიანი ბანერით გადაადგილება დაიწყო, რათა გამვლელების ყურადღება მიეპყრო. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე მისი ქმედებების გამო დააკავეს, სხვა მოსარჩელეებმაც თავიანთ ბანერებზე იგივე წარწერა გააკეთეს, რის გამოც ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. კიდევ ერთ მოსარჩელეს პოლიციის დაუმორჩილების გამო იგივე კოდექსის 173-ე მუხლით წარუდგინეს ბრალი.

სასამართლო პროცესი საქართველოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული მოსმენების დროს, პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ ჩარევა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოსარჩელემ უხამსი წარწერიანი ბანერით დაიწყო გადაადგილება და იქვე მყოფ ბავშვებს აჩვენებდა წარწერას. მათივე თქმით, დანარჩენმა მოსარჩელეებმა მას მიბაძეს და ხმამაღლა დაიწყეს ბანერზე გამოსახული წარწერის ყვირილი. თუმცა, ადგილზე გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოსარჩელეები წყნარად დგანან.   

თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდივე მოსარჩელე დამნაშავედ ცნო წესრიგის დარღვევაში და თითოეული 100 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოს თქმით, აქტივისტების მიერ გამოყენებული ტერმინი განსაკუთრებით შეურაცხყმყოფელია ქართულ საზოგადოებაში და რომ ამ სიტყვის გამოყენება არ გამოხატავდა პოლიტიკურ მოსაზრებას და არ უწყობდა ხელს პოლიტიკურ დებატებს.

აქტივისტებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button