Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული ოცნების წევრები უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებენ

პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად, დღეს უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ქართული ოცნების სხვა ლიდერებმაც მიუსამძიმრეს.

„ბოლო რამდენიმე დღეში, 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

დაღუპულების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც მიუსამძიმრა და თქვა, რომ „ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს“. „ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესია. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს“, – დასძინა მან.

„მთელი გულით, სულით, იმ ხალხთან, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს“, – თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ და ოპონენტები „სამარცხვინო პოლიტიკური სპეკულაციისთვის“ ოპონენტები გააკრიტიკა.

მანვე აღნიშნა, რომ ოპონენტების „უზნეო“ ქცევა მას და მისი გუნდის წევრებს „რაღაცნაირად“ ბოჭავს. „ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ხომ ვხედავთ, რომ ამ თემის […] პოლიტიკური რაკურსით წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება“, – დასძინა მან.

„კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო თითოეული ჩვენი დაღუპული თანამემამულის ოჯახს, ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული აგრესია უკრაინაში, სადაც ვიცით, რომ დღეის მდგომარეობით 33 ჩვენი თანამემამულე შეეწირა ამ ომს“, – განაცხადა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ. მანვე „სრულიად მიუღებელი“ უწოდა იმის შესახებ საუბარს, რომ ქართული ოცნების წევრები არ იზიარებენ უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვით გამოწვეულ მწუხარებას.

„ყველაზე მიუღებელია და აბსოლუტურად არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც გარდაცვლილი თანამემამულეების სახელით ხდება მსგავსი სპეკულირება“, – აღნიშნა მანვე და მოუწოდა ყველას, რომ პატივი სცენ „ჩვენი გარდაცვლილი თანამემამულეების ხსოვნას და შევეშვათ ამ საკითხით სპეკულირებას“.

„სულ ბოლოს, 5 ქართველი მეომარი შეეწირა უკრაინაში ბრძოლებს და მანამდე, კიდევ ერთი ქართველი მეომარი ჩამოასვენეს საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე“, – თქვა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button