ახალი ამბები

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი სოხუმს ესტუმრა

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი 1 დეკემბერს სოხუმს ესტუმრა, სადაც ოკუპირებული რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას, ასევე „საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს“, ლაშა აშუბას შეხვდა, რომელთანაც ხელი მოაწერა საპარლამენტთაშორისო შეთანხმებას საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების სისტემატიზების თაობაზე. 

ასლან ბჟანიასთან შეხვედრა

ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ვოლოდინთან შეხვედრაზე ასლან ბჟანიამ უფრო მეტი მსგავსი შეხვედრის გამართვის სურვილი გამოხატა და განაცხადა, რომ „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს“. 

„ასეთი რანგის ადამიანებს, ასეთი გამოცდილების ადამიანებს შეუძლიათ დაგვეხმარონ ისეთ საკითხებში, რომელთა მოგვარებაც ჯერაც ვერ მოვახერხეთ“, – აღნიშნა ბჟანიამ და დასძინა, რომ ვიზიტი გააძლიერებს ურთიერთობებს და „როგორც რუსი, ისე აფხაზი ხალხის ინტერესებს დააკმაყოფილებს“. 

თავის მხრივ, ვოლოდინმა უთხრა ბჟანიას, რომ აშუბასთან შეხვედრისას მან რიგი საკითხები განიხილა. ამ კუთხით, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანოს“ შორის ურთიერთობები არ იყო დამყარებული სისტემურ საფუძველზე, „მიუხედავად დეპუტატებს შორის ურთიერთქმედებისა“. 

„ცალ-ცალკე სახელმწიფო დუმამ და აფხაზეთის პარლამენტმა ყველაფერი გააკეთეს, როდესაც საქმე ეხებოდა ჩვენი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული აუცილებელი გადაწყვეტილებების, კანონის მიღებას. ზოგადად, როდესაც ჩვენს ქვეყნებზე ვსაუბრობთ, იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული და სამოკავშირეო ხასიათისაა, თუმცა ურთიერთობების დინამიკას სახელმწიფოს მეთაურები განსაზღვრავენ“, – აღნიშნა მან. 

ვოლოდინმა ხაზგასმით თქვა, რომ „საჭიროა თანამშრომლობის ახალი ფორმატები, ასევე იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც პარლამენტებს გააჩნიათ, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად განვითარდეს“. 

ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობასა და „ჩვენი ქვეყნების კანონმდებლობების ჰარმონიზაციას“ ითვალისწინებს. 

ლაშა აშუბასთან შეხვედრა

აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, აშუბამ განაცხადა, რომ „შეთანხმების მიზანი ჩვენი ურთიერთობების სისტემატიზება და გაძლიერებაა“.

ამასთან, ვოლოდინმა აღნიშნა, რომ „დღეს გავედით თანამშრომლობის ახალ ფორმატზე…“ მისივე თქმით, შეხვედრები, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში გაიმართება, ყურადღებას გაამახვილებს „იმ პრობლემურ თემებზე, რომლებიც აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის აწუხებთ“. „მიგვაჩნია, რომ მეგობრობა ეს არის ქუჩა ორმხრივი მოძრაობით“, – დასძინა მან.

ვოლოდინმა ასევე განაცხადა, რომ მისი ვიზიტი აფხაზეთში და აშუბასთან შეხვედრა მიზნად ისახავდა „ერთმანეთის უკეთ გაცნობას, ჩვენი სამოკავშირეო ურთიერთობისა და სტრატეგიულ ჭრილში მათი უფრო ეფექტიანად განვითარების სურვილის გათვალისწინებით“.

ხაზი გაუსვა რა, რომ აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია და რომ აფხაზებსაც ანალოგიურად სურთ რუსეთში ჩასვლა, ვოლოდინმა განაცხადა, რომ „ეს ბევრ რამეს გვავალდებულებს და ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია და ეს ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებით დავკავდეთ, მოვაგვაროთ საბაჟო პოლიტიკის, საგადასახადო კანონმდებლობის, სოციალური პოლიტიკისა და სხვა სფეროების საკითხები, შევქმნათ პირობები ბიზნესის განვითარებისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button