ახალი ამბები

საქართველო ირანის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრას არ დაესწრო 

გაეროს მესამე კომიტეტის 77-ე სხდომას, რომელიც ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრიდა კენჭს, საქართველოს წარმომადგენლობა არ დასწრებია, რამაც გარკვეული კითხვები აღძრა.

რეზოლუციის მიღების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 28 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 68-მ თავი შეიკავა. პროექტის თანახმად, გაეროს ასამბლეა „შეშფოთებას გამოხატავს ირანში ადამიანების სიკვდილით დასჯის საგანგაშოდ მაღალი სიხშირის გამო“ და მოუწოდებს ქვეყანას „შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ“.

ოპოზიციურმა პარტია „დროამ“ 21 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს მიერ კენჭისყრის დარბაზის დატოვების თაობაზე, სადაც ხაზს უსვამს, რომ „ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს რეგიონის ავტორიტარულ ძალებს“.

„ქართულმა ოცნებამ ირანის რეჟიმის დაგმობისგან თავის შეკავებით ხაზი გაუსვა საკუთარ ცივილიზაციურ არჩევანს რუსეთ-ირანის ალიანსის სასარგებლოდ“, – განაცხადა პარტიამ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ირანთან დაკავშირებული პოზიციის გამო აკრიტიკებენ.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ირანის ელჩის მაჰმუდ ადიბის შეხვედრას, სადაც „რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები“ განიხილეს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც Twitter-ზე დაწერა: „სერიოზულად? – რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები – ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ყველას ავიწროებს ყველაზე სასტიკი გზით?“.

„ეს ახალი თანამშრომლობა საქართველოს მიერ, სამწუხაროდ, არჩეულ მცდარ გზას და იმ პოლიტიკურ იზოლაციას აჩვენებს, რომლის წინაშეც საქართველო უკვე დგას“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button