ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რუანდის დედაქალაქ კიგალს სტუმრობს, სადაც იგი 12 ოქტომბერს სარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და რიგი შეხვედრებიც გამართა.

პარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) ეროვნული პარლამენტების გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც 178 წევრი ქვეყნისა და 14 ასოცირებული წევრის პარლამენტებს აერთიანებს. IPU-ის 145-ე სესია რუანდის დედაქალაქ კიგალში 11 ოქტომბერს გაიხსნა და 15 ოქტომბერს დაიხურება. ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერული თანასწორობა და გენდერულად მგრძნობიარე პარლამენტებია.

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

„პარლამენტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქალთა გაძლიერების საქმეში – გენდერულად სენსიტიურ პარლამენტებს შეუძლიათ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და უფრო თანასწორი და მედეგი საზოგადოებების ჩამოყალიბება“, – განაცხადა მან.

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის მიერ ბოლო წლებში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით 2020 წელს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება აღნიშნა. „საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, არჩეულ ქალთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა“, – აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კვლავაც აძლიერებს სწრაფვას ამ მიმართულებით და „მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პარტნიორ პარლამენტთან და გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება ამ სფეროში“.

„საქართველოს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლასთან ერთად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე.

კოლეგებთან შეხვედრები

რუანდაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 13 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერს ოლექსანდრ კორნიენკოს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესიც განიხილა. ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის. მანვე საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერაც მიმოიხილა.

„პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ რელიზში.

თავის მხრივ, უკრაინის რადას ვიცე-სპიკერმა Twitter-ზე დაწერა, რომ „რუსული ტერორისგან“ ქართველი ხალხიც დაზარალდა.

„აქედან გამომდინარე, მათ ესმით, რატომ მოვითხოვთ, რომ მთელმა მსოფლიომ აღიაროს რუსეთი საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორად და დააკისროს მათ სრული პასუხისმგებლობა მათ ქმედებებზე“, – განაცხადა კორნიენკომ.

ასევე 13 ოქტომბერს, შალვა პაპუაშვილი კოტ დ’ივუარის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ადამა ბიკტოგოს შეხვდა, სადაც მხარეებმა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კოდ დ’ივუარის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სიერა ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ჩერნორ აბას ბუნდუს შეხვდა, რა დროსაც შალვა პაპუაშვილი მიესალმა სიერა ლეონეს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს რეზოლუციის მტკიცე მხარდაჭერას.

მანამდე, 12 ოქტომბერს, შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ჟინ-პიო კიმს შეხვდა და მასთან საპარლამენტოს კავშირებზე, ასევე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიმართ კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებთან შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 13 ოქტომბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა და მათთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ამ მიმართულებით, ორმხრივ საპარლამენტო დიალოგზე ისაუბრა.

„აღინიშნა, რომ საქართველო, წლების განმავლობაში, ნატოს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ამასთან, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.

ქართული საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში რუანდაში 11 ოქტომბერს გაემგზავრა და ვიზიტს 16 ოქტომბერს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში შალვა პაპუაშვილთან ერთად ასევე არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button